ირაკლი ქადაგიშვილი - დღეს ლომჯარიას უწევს იმ დაკვეთის შესრულება, რის გამოც ოპოზიციამ წარადგინა სახალხო დამცველის პოზიციაზე
ირაკლი ქადაგიშვილი - დღეს ლომჯარიას უწევს იმ დაკვეთის შესრულება, რის გამოც ოპოზიციამ წარადგინა სახალხო დამცველის პოზიციაზე

სიმართლის თქმა შტურმის მიტანა არ არის, ნინო ლომჯარია უნდა იყოს სახალხო დამცველი და არა ერთი პოლიტიკური აქტორისა და პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამტარი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნინო ლომჯარიამ, დარღვევის შემთხვევაში, უნდა დაიცვას სააკაშვილის, როგორც პატიმრის, უფლებები და არ უნდა აკეთოს იმგვარი განცხადებები, რომლის მიზანიც არის სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება.

„ჩვენ შტურმი კი არ მივიტანეთ, ვამბობთ იმ სიმართლეს, რომელიც ზედაპირზე დევს. აქედან გამომდინარე, სიმართლის თქმა შტურმის მიტანა არ არის. ნინო ლომჯარია უნდა იყოს სახალხო დამცველი და არა ერთი პოლიტიკური აქტორისა და პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამტარი. ნინო ლომჯარიას საქმე ის კი არ უნდა იყოს, როგორ წაიყვანოს საქმე იქით, რომ პატიმარი სააკაშვილი გარეთ გამოიყვანოს, ლომჯარიას საქმე უნდა იყოს მხოლოდ ის, რომ თუ ირღვევა სააკაშვილის, როგორც პატიმრის, უფლებები, ეს უფლებები დაიცვას. არ უნდა აკეთოს იმგვარი განცხადებები და ქმედებები, რომლის მიზანიც არის, რომ რამენაირად პატიმრობიდან დაიხსნას სააკაშვილი. ეს არ არის სახალხო დამცველის არც მანდატი და არც ფუნქცია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამასთან, დეპუტატის განმარტებით, დღეს ლომჯარიას უწევს იმ დაკვეთის შესრულება, რის გამოც ის ოპოზიციამ სახალხო დამცველის პოზიციაზე წარადგინა.

„კიდევ ერთხელ კარგად ჩანს ის, რაც თავის დროზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ლომჯარია იყო შეთანხმების შედეგად დანიშნული. ის გარკვეულწილად ოპოზიციის კანდიდატად განიხილეს და მივიღეთ თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“. დღეს ლომჯარიას უწევს იმ დაკვეთის შესრულება, რის გამოც ის ოპოზიციამ წარადგინა სახალხო დამცველის პოზიციაზე. ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად მოწყვლადია ადამიანი, რომელიც ასრულებს კონკრეტული, რადიკალური ოპოზიციური ძალების დაკვეთას და არ ასრულებს იმ მოვალეობას, რაც მას კანონით აქვს განსაზღვრული. მმართველი პარტიის პოლიტიკურ ლიდერთან დაკავშირებით მისი პოლიტიკური შეფასებები ამის ყველაზე ნათელი ლუსტრაციაა იმ ადამიანებისთვის, ვინც ერკვევა, რა არის უფლებადამცველი და რა არის სახალხო დამცველის კომპეტენცია“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.