ირაკლი ქადაგიშვილი - დასავლელმა პარტნიორებმა დაინახეს, რომ ოპოზიციაზე პასუხისმგებლობის დაკისრებას და მათთან საღი დიალოგის გამართვას აზრი არ აქვს
ირაკლი ქადაგიშვილი - დასავლელმა პარტნიორებმა დაინახეს, რომ ოპოზიციაზე პასუხისმგებლობის დაკისრებას და მათთან საღი დიალოგის გამართვას აზრი არ აქვს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება ყველა პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის.

საუბარია „ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებულ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის შეფასებაზე, რომლის მიხედვითაც, „დეპარტამენტი იმედგაცრუებულია, რომ მხარეები საკუთარ სურვილებზე მაღლა ქართველი ხალხის ინტერესებს არ აყენებენ“.

ქადაგიშვილის თქმით, ხელისუფლება ამომრჩევლისა და პოლიტიკური პარტიების წინაშე პასუხისმგებლობას აცნობერებს. როგორც ქადაგიშვილი ამბობს, მზად არიან, პასუხისმგებლობა ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენონ.

„ეს მოწოდება ყველა პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის, მმართველი გუნდი იქნება თუ ოპოზიციური პარტია. მედიაციის ბოლო შეხვედრაზე „ქართული ოცნება” 95 პროცენტით მზად იყო, დოკუმენტზე ხელი მოაწერა. გარკვეული მცირე დეტალი იყო, რომელსაც განხილვა სჭირდებოდა, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან კატეგორიული უარი დავინახეთ დოკუმენტზე ხელის მოწერასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენს პასუხისმგებლობას ვაცნობიერებთ როგორც ამომრჩევლის წინაშე, ასევე პოლიტიკური პარტიების წინაშე, როცა მათი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, მათ საპარლამენტო მანდატები არ გავუუქმეთ. სწორედ ამ ნაბიჯებს იქითკენ მივყავართ, რომ საბოლოო ჯამში, ოპოზიცია იძულებული გავხადოთ, გონივრულ კომპრომისზე წამოვიდნენ. დასავლელმა პარტნიორებმა დაინახეს, რომ ოპოზიციაზე პასუხისმგებლობის დაკისრებას და მათთან რაიმე საღი დიალოგის გამართვას ფაქტობრივად აზრი არ აქვს. ამიტომ, საქართველოში პასუხისმგებლობის მქონე ისევ მხოლოდ „ქართული ოცნება” რჩება. ჩვენ მზად ვართ, ეს პასუხისმგებლობა ბოლომდე ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ მივიყვანოთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.