ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, ან პატივს გვცემენ, იმ წესებით ითანამშრომლებენ, რომლებიც ევროკავშირში თვითონ აქვთ მიღებული, ან ყოველთვის ვიქნებით სათამაშო პაიკი
ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, ან პატივს გვცემენ, იმ წესებით ითანამშრომლებენ, რომლებიც ევროკავშირში თვითონ აქვთ მიღებული, ან ყოველთვის ვიქნებით სათამაშო პაიკი

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას შესრულებულოი აქვს ყველა პირობა, რომელიც დაკავშირებულია უვიზო რეჟიმთან და რაც მას კანონით ევალება.

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიცია ქვეყნის შიგნით მოსახლეობასთან უძლურია და ერთადერთი დარჩენიათ დასავლეთის გარკვეულ წრეებთან პროპაგანდა, რათა საქართველოს რაიმე სანქცია დაუწესონ.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ კითხვარზე შესაბამისი პასუხები გააგზავნა. უვიზო რეჟიმის შემოღებას ან გაუქმებას კონკრეტული სამართლებრივი კრიტერიუმები აქვს. ამ წესებისა და კანონების მიმართ ყველა პირობა შესრულებული გვაქვს. აქ დამატებით შემოტანილია პოლიტიკური რიტორიკა, რომ საქართველოში ოჯახური ფასეულობების დაცვა არ უნდა ხდებოდეს და ლგბტ პროპაგანდა წახალისებული უნდა იყოს. ეს არც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა განაწესში და, მით უმეტეს, არც ვიზალიბერალიზაციის საკითხში არ წერია. გამჭვირვალობა დემოკრატიის არცერთ პრინციპთან არ მოდის წინააღმდეგობაში, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების. სურათი ნათელია – საქართველოს კანონით რაც ევალება, პირნათლად ვასრულებთ; მეორეა გარკვეული იდეოლოგიური „მეინსტრიმი“. ცდილობენ, ეს იდეოლოგია ჩვენთან იყოს დანერგილი. ამ იდეოლოგიას არ ვეთანხმებით და ამასთან დაკავშირებით სხვა დამოკიდებულება გვაქვს. ევროპა წესებია, რომელიც ქაღალდზეა დატანილი. თუ გვეტყვიან, ქაღალდზე დატანილ რომელ წესს ვერ აკმაყოფილებს საქართველო, მაშინ კარგი. თუ გვეუბნებიან, რომ ჩვენთან კანონში ლგბტ პროპაგანდა უნდა იყოს წახალისებული, ეს ევროკავშირის არცერთ სადამფუძნებლო თუ სხვა სამოქმედო დოკუმენტში არ არის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის განმარტებით, საქართველოში ადამიანის უფლებები მაღალი სტანდარტით არის დაცული.

„ქართველებმა ერთი რამ უნდა გავიგოთ – ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, პატივს გვცემენ და იმ კანონებით და წესებით ითანამშრომლებენ, რომლებიც თვითონ აქვთ მიღებული, ან ყოველთვის ვიქნებით სათამაშო პაიკი. აქ უვიზო მიმოსვლაზე არ არის საუბარი, ასე ადვილად ვერავინ ვერაფერს შეგიჩერებს. ევროკავშირი თუ ის ორგანიზაციაა, რომელიც თავისივე მიღებულ კანონებს და წესებს პოლიტიკური იდეოლოგიის გამო გადახევს და ასეთ გადაწყვეტილებებს მიიღებს, მაშინ დავფიქრდეთ: ასეთი ევროპა საით მიდის? უვიზო რეჟიმს თუ თავისი ლოგიკური წესები ჰქონდა, ეს წესები შევასრულეთ და დღემდე ვასრულებთ, მაშინ რაზეა ეს ყველაფერი დამყარებული? ადამიანის რომელი უფლება დაირღვა? დემონსტრაცია როცა ძალადობაში გადადის და ძალადობა კანონის ძალით აღიკვეთება, ეს დემოკრატიის დარღვევა არ არის, დემოკრატიის დაცვაა. იმის გამო, რომ ოპოზიცია ქვეყნის შიგნით მოსახლეობასთან უძლურია, ერთადერთი დარჩენიათ დასავლეთის გარკვეულ წრეებთან პროპაგანდა და ხვეწნა, რომ საქართველოს რაიმე სანქცია დაუწესონ, რამენაირად ეს ქვეყანა გაამწარონ, რადგან ხელისუფლებამ საქართველო ომში არ შეიყვანა. ეს იყო გენერალური გეგმა. ამიტომ, ამ ხელისუფლების წინააღმდეგ შურისძიება მიმდინარეობს და იმ პროპაგანდისტულ საშუალებებს, პარტიებს, ტელევიზიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც თანახმა იყვნენ, ჩვენ „სლავა უკრაინა“ აქ გადმოგვეტანა და მეორე ფრონტი გაგვეხსნა, რა თქმა უნდა, იმათ წაახალისებენ, რომ რამენაირად ასეთი ძალები მოიყვანონ ხელისუფლებაში“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.