ირაკლი ქადაგიშვილი - „ბიბისის“ ფილმს ვინც უყურა, იცის, რომ ეს არის ვარაუდებზე აწყობილი, ამ ფილმის გამოშვების მიზანი იყო, პოლიტიკური სპეკულაციები გაეჩინა
ირაკლი ქადაგიშვილი - „ბიბისის“ ფილმს ვინც უყურა, იცის, რომ ეს არის ვარაუდებზე აწყობილი, ამ ფილმის გამოშვების მიზანი იყო, პოლიტიკური სპეკულაციები გაეჩინა

ვინც „ბიბისის“ ფილმს უყურა ან ვინც წაიკითხა, იცის, რომ ეს არის ვარაუდებზე აწყობილი, – განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.

„იქ არანაირი მტკიცება არ არის მოცემული. ამ ფილმის გამოშვების მიზანი იყო, პოლიტიკური სპეკულაციები გაეჩინა. აქ რომ ყოფილიყო რამე მართლა ხელშესახები, ასე ვთქვათ, მტკიცებულება ან ფაქტი, ბუნებრივია, ყველაფერი სულ სხვანაირად წარიმართებოდა, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე. ამ ფილმის მიზანი იყო პროვოკაციის შემოგდება საქართველოში და ეს პროვოკაცია რომ გამხდარიყო საქართველოში ერთგვარი ტრიგერი საერთო-სახალხო მღელვალების წამოწყების. ეს მიზანი ჰქონდა ამას, დანარჩენი ყველაფერი არის სწორედ ამ ჩავარდილი პროვოკაციის შემდეგ უნიათო მცდელობა, რომ იქნებ ეს პროვოკაცია რამენაირად გააცოცხლონ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ამ განცხადებით ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, იქნებოდა თუ არა საუკეთესო გამოსავალი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა და ყველა დამატებით კითხვაზე პასუხების გაცემა სწორედ ამ ფორმატში, რადგან გამოძიების შედეგები დამაკმაყოფილებელი არ არის არც საპარლამენტო და არც არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ გამოძიებამ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა.

ქადაგიშვილის თქმით, ოთხ დღეში ჩატარდა სრული გამოძიება, გამოძიების დროს გამოიკითხა 93 ადამიანი, 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, ამოღებული იქნა ყველა დოკუმენტაცია საბაჟოდან, საგადასახადოდან, ყველაფერი კომპლექსურად და, მათ შორის, ქიმიური ექსპერტიზები ჩაუტარდა სამხარაულის ბიუროში ყველა ამ მასალას.

„ჩვენ დავინახეთ აგრეთვე ისიც, რომ ამ გამოძიების მსვლელობის დროს ყველა იმ ადამიანმა, ვინც „ბიბისის“ ფილმში იყო გამოყენებული, თქვა, რომ – არა, ბატონო, ჩვენ ასეთი რამ არ გვითქვამს, არავითარი „კამიტი“ და არავითარი პირველი მსოფლიო ომის დროსო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ქიმიური იარაღის კვალიც კი არ არსებობს.

„ამ სიტყვების, ასე ვთქვათ, აქეთ-იქით „უპრაგონოდ“ თქმას მიჩვეული ვართ. ჩვენ გვესმის, რას ნიშნავს ქიმიური იარაღი და რას ნიშნავს, ასე ვთქვათ, ქიმია, რომელიც ნებისმიერ წამალში არის, ნებისმიერ საყოფაცხოვრებო მომსახურების პროდუქციაში. ეს აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცაა. ეს არის ის შემადგენლობა და ის მასალა, რომელიც ყოველთვის გამოიყენებოდა და რომელიც გამოიყენება, მათ შორის, სხვა სახელმწიფოებში, მათ შორის, ევროპის სახელმწიფოებში“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამდენად არის აკრძალული ამ ნივთიერების გარევა წყლის ჭავლში, რადგან როგორც გახარიას პარტიის წევრები ამტკიცებენ, ეს არ არის დაშვებული, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ეს დაშვებულია და საპოლიციო ძალები მთელ მსოფლიოში იყენებენ ამგვარი მეთოდით წყლის ჭავლს.

„წყლის ჭავლს ორი დანიშნულება აქვს, ერთი არის, როცა ასხამ წყლის ჭავლს და ამით გინდა, დაშალო, მაგრამ არის მეორე შემთხვევა, როცა გამოიყენება, აი, ამ შემადგენლობით, და რატომ? როდესაც მასა არის არამართვადი, უაღრესად აგრესიული და მისი გაჩერება ჩვეულებრივად შეუძლებელი ხდება, სწორედ მაშინ საპოლიციო ძალები მთელ მსოფლიოში იყენებენ ამგვარი მეთოდით წყლის ჭავლს, და რატომ? იმიტომ, რომ ის როდესაც ხვდება ტანსაცმელზე, ბუნებრივია, მას აქვს უფრო ცუდი ეფექტი, ვიდრე ჩვეულებრივ წყალს. იმიტომ, რომ ეს გაიძულებს შენ, წახვიდე და ტანსაცმელი გამოიცვალო. ანუ, მიტინგის დაშლის ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდი არის, რომელიც გამოიყენება სწორედ იმ დროს, როდესაც მასა არის უკიდურესად აგრესიული. ეს არ არის ჩვეულებრივი საპროტესტო აქციისთვის, ეს არის, როდესაც ხდება მიზანმიმართული დატრენინგებული ჯგუფების შეტევა სპეციალური მიზნებისათვის. აქედან გამომდინარე, ყველა კითხვას პასუხი გაცემული აქვს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა ისიც თქვა, რომ თუ ვინმეს მსოფლიოში აინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ახლოს მისვლა, გამოძიების მასალები ღიაა და შეუძლიათ, მობრძანდნენ და ნახონ ეს მასალები.

მისივე თქმით, „ბიბისისთან“​ დაკავშირებით ჩივილი მოხდება იმ სააგენტოში, რომელიც სტანდარტებს ზომავს და განსაზღვრავს.

„აი, იქ მოხდება ჩივილი ახლა „ბიბისისთან“ დაკავშირებით, რომ ფეიკ ნიუსის გამო პასუხისმგებლობა დადგეს. პასუხისმგებლობის, ასე ვთქვათ, აღება ახალი არ არის, ეს ჩვენ უკვე ვიხილეთ, გენერალური მდივანი და საინფორმაციოს დირექტორი გადადგნენ სულ რაღაც ერთი თვის წინ, და რატომ გადადგნენ? იმიტომ, რომ არნახული რამ გააკეთეს. უბრალოდ, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ფიქრობენ, ადვილად გაუვათ. მე რამდენადაც ვიცი, შესაბამისი სარჩელი მზადდება. მოგეხსენებათ, სარჩელს სჭირდება შესაბამისი მომზადება, დასაბუთება და, ასე ვთქვათ, ყველა იმ კომპონენტის და წესის გათვალისწინება, რა წესითაც ასეთი სარჩელი უნდა შევიდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.