ირაკლი ქადაგიშვილი - აშშ-ის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს განცხადებაში ფაქტობრივი წინააღმდეგობაა, წარმოუდგენელია, როცა ამბობ, რომ საფრთხეა, მაგრამ დიალოგი არ გაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან
ირაკლი ქადაგიშვილი - აშშ-ის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს განცხადებაში ფაქტობრივი წინააღმდეგობაა, წარმოუდგენელია, როცა ამბობ, რომ საფრთხეა, მაგრამ დიალოგი არ გაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს განცხადება ფაქტობრივ წინააღმდეგობას შეიცავს.

ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს აშშ-ის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია: „ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შექმნა ისეთი გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს, გაზარდოს თავისი გავლენა ქვეყანაში“.

„ამ განცხადებაში ფაქტობრივი წინააღმდეგობაა. რა ობიექტური ინფორმაცია აქვთ, ამ განცხადებას რომ აკეთებენ? წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკოსის განცხადებაა, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტის შეფასება ან დაზიანება უნდა. თუ ხედავენ, რომ რუსეთს ამის სურვილი აქვს, როგორ მუშაობენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან? „მეგობარი აქტით?“ ანუ, რომ იტყვიან, რუსულ პოლიტიკასთან თანხვედრით დოკუმენტებს ქმნიან? ასეთ საშიშროებას და საფრთხეს თუ ხედავენ, ხელისუფლებასთან არ თანამშრომლობენ? ვხედავთ, რომ ეს არის განცხადებები, რომელთა მიზანია, არა დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლებასთან ჰქონდეთ საქმე, არამედ მარიონეტული ხელისუფლებაა მისაღები მათთვის, ვინც ასეთ აქტებს, განცხადებებს აკეთებს. ამიტომ, წარმოუდგენელია, როცა ამბობ, რომ საფრთხეა, მაგრამ დიალოგს არ ახორციელებ საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელიც ხალხმა აირჩია და რომელიც გეუბნება, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა სუფთა ფურცლიდან განვაახლოთო. ამ სიტყვიერი თუ სხვა განცხადებების მიზანი სწორედ ის იყო, რომ გარკვეულ წრეებს საქართველოში ურთიერთობა ჰქონდეთ არა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ხელისუფლებასთან, არამედ მარიონეტული ტიპის ხელისუფლებასთან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.