ირაკლი ქადაგიშვილი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სიტუაციას აკვირდება, ელოდება გამოძიების დასრულებას, ამ თვალსაზრისით განსხვავება არ არის მისი პრესსპიკერისა და საქართველოს მთავრობის პოზიციებს შორის
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სიტუაციას აკვირდება, ელოდება გამოძიების დასრულებას, ამ თვალსაზრისით განსხვავება არ არის მისი პრესსპიკერისა და საქართველოს მთავრობის პოზიციებს შორის, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა თემის კომენტირებისას.
ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „ჩვენ გვაქვს სხვადასხვა იარაღი, რათა პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე მსოფლიოში, სანქციებზე წინასწარ არ ვსაუბრობთ, ვიდრე არ შემოვიღებთ, მაგრამ სიტუაციას ვაკვირდებით“.
ირაკლი ქადაგიშვილი აღნიშნავს, რომ არანაირ სანქციებზე ამერიკის მხრიდან საუბარი არ არის.
„სიტუაციას აკვირდებიან და ელოდებიან, რომ გამოძიება ბოლომდე წარიმართოს. ამ თვალსაზრისით არანაირი განსხვავება არ არის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერისა და საქართველოს მთავრობის პოზიციებს შორის. ძალადობა დასაგმობია, მიმდინარეობს გამოძიება, ოცი პირია დაკავებული და გამოძიება თავის საქმეს აგრძელებს.
სახელმწიფო სამართალს კანონის მკაცრი დაცვით ახორციელებს. სამართლის აღსრულების ის მეთოდი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა – დაგიჭერ და რასაც მინდა, იმას გიზამ, სასამართლო ნოტარიულად დაამტკიცებდა პროკურატურის მოთხოვნას, ასე არ არის. ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოძიება და სასამართლო კანონის შესაბამისად წარიმართება და ყველა სასჯელს კანონის შესაბამისად მიიღებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ქვეყანაში კანონის აღსრულება ასე მოხდეს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებაში საუბარი არ არის არანაირ სანქციებზე. კითხვა დასმული იყო ზოგად კონტექსტში, ამერიკა იყენებს თუ არა სანქციებს და მისი პასუხი იყო ზოგადი – ამერიკა სანქციებს იყენებს სხვადასხვა ვითარებაში, სხვადასხვა პირების წინააღმდეგ და ამ თვალსაზრისით ახალი არაფერი თქმულა.
რაც შეეხება საქართველოს, არანაირ სანქციებზე ამერიკის მხრიდან საუბარი არ არის. თუ ჰიპოტეტურად გვიხარია, რომ საქართველო როდესმე ისეთ მდგომარეობაში ჩავარდეს, რომ რომელიმე ქვეყანამ სანქცია დაუწესოს. შეიძლება, ასეთი ავადმყოფური აზრები იმას აწუხებდეს, ვისაც ქვეყნის წინსვლა და წარმატება არ უხარია, მაგრამ დღეს არანაირი სანქცია არ გვემუქრება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.