ირაკლი ქადაგიშვილი - არჩევნების შემოწმებაზე უარის თქმა ცხადყოფს, რომ შედეგების გაყალბებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები სიცრუეა
ირაკლი ქადაგიშვილი - არჩევნების შემოწმებაზე უარის თქმა ცხადყოფს, რომ შედეგების გაყალბებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები სიცრუეა

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე პარასკევს ვიმსჯელებთ, კვოტების განსაზღვრაც მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დროებით საგამოძიებო კიმისიაში მონაწილეობაზე უარის თქმით კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები სიცრუეა.

„ის განცხადებები, რასაც ოპოზიცია აკეთებს გაყალბებული არჩევნების გარშემო, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ მათი ყველა მტკიცება და განცხადება დამყარებულია მხოლოდ სიყალბესა და სიცრუეზე, რადგან არც ერთ მომენტში, ეს ადამიანები არჩევნების შემოწმებაზე არ წამოვიდნენ.

„ქართული ოცნებისგან” შეთავაზება იყო, რომ ნებისმიერ საარჩევნო უბანზე ხელი დაედოთ, სადაც მათი აზრით, ყველაზე მეტი ალბათობა იყო დარღვევების და გახსნილიყო ეს უბანი. ახლა კომისიის შექმნას ვთავაზობთ, რომელსაც ყველა უფლებამოსილება აქვს, რომ ნებისმიერი საკითხი, თანამდებობის პირი გამოკითხოს და ნებისმიერი ინფორმაცია გამოითხოვოს. ამ კომისიის მუშაობა ყველას ნათლად დაანახებს, რომ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, რაც არის ამაზე უარის თქმის მიზეზი. მთელი ეს ხუხულა, პოლიტიკური სპეკულაცია, რაზეც იყო აშენებული მათი განცხადებები –  თავისივე ხელი უნდა მოაწერონ, როგორც მათმა 11 ათასმა დამკვირვებელმა მოაწერეს ხელი თითოეულ ოქმზე, რადგან არანაირი გაყალბება არ ყოფილა. საარჩევნო პროცედურების დროს არის გარკვეული დარღვევა და შეფერხება, მაგრამ გაყალბებას ბუნებაში ადგილი არ ჰქონია. მათი 11 ათასი ხელმომწერის ხელმოწერა უნდა დაადასტურონ, რისგანაც თავს იკავებენ. დანარჩენი არის სიტყვების ეკვილიბრისტიკა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.