ირაკლი ქადაგიშვილი - არჩევნების გადადებაზე ლაპარაკი არის წმინდა წყლის პოლიტიკური მოთხოვნა, კვლავ ხდება ეპიდვითარებით სპეკულაცია
ირაკლი ქადაგიშვილი - არჩევნების გადადებაზე ლაპარაკი არის წმინდა წყლის პოლიტიკური მოთხოვნა, კვლავ ხდება ეპიდვითარებით სპეკულაცია

ვხედავთ, რომ კვლავ ხდება პოლიტიკური მიზნებისთვის ეპიდვითარებით სპეკულაცია. ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარებაა, მაგრამ ამავდროულად ეს ვითარება მორევადია, თუ მოქალაქეები სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ და მასობრივი ვაქცინაციის პროცესი გაიზრდება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ დაიწყო კამპანია, რომ რამენაირად არჩევნების გადადებას მიაღწიონ.

„ამისთვის ყველა საშუალება და პირობაა ქვეყანაში. არჩევნებთან დაკავშირებული განცხადება არის პოლიტიკური დაკვეთა. ყველა კვლევა, სანდო, ნაკლებად სანდო, შიდა კვლევები, რაც ყველაზე სანდოა, აჩვენებს ერთ ტენდენციას, რომ ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე მისთვის სასურველ მიზნებს რომ მიაღწიოს. აქედან გამომდინარე, იციან, რომ საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბდა, ეს ნარატივი ვეღარ იმუშავებს და ვერც სხვა ფსევდორევოლუციური სცენარები, რომელიც ჯერ კიდევ მათ თავებში ტრიალებს. მათ დაიწყეს ეს კამპანია, რომ რამენაირად კოვიდზე აპელირებით და სპეკულაციით მოახდინონ არჩევნების დისკრედიტაცია და იქნებ, რამენაირად არჩევნების გადადებას მიაღწიონ, რადგან ამ არჩევნებში გარანტირებულად დამარცხება მათ ყველანაირ რევოლუციურ სცენარს ასამარებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილმა არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი განცხადება პოლიტიკით არის გაჟღენთილი.

„სახალხო დამცველის განცხადება არის პოლიტიკით გაჟღენთილი. სამწუხაროდ, სახალხო დამცველი ბევრჯერ ვნახეთ, როგორც ერთი მოთამაშე ადამიანი ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე. მან სახალხო დამცველის აბსოლუტური ნეიტრალიტეტი დიდი ხანია, დაკარგა, აქედან გამომდინარე, დღეს ლაპარაკი, რომ არჩევნები უნდა გადაიდოს, არის წმინდა წყლის პოლიტიკური მოთხოვნა, რადგან მათ არჩევნებზე გარანტირებული დამარცხება დაინახეს. ისინი ხვდებიან, რომ 2024 წლამდე ვერანაირი არეულობის და ძალაუფლების ხელში ჩაგდების სცენარი ვეღარ გათამაშდება და ბოლო ეპიდსიტუაციას იშველიებენ, რომ არჩევნები გადაიდოს. იმის ნაცვლად, რომ მასობრივი ვაქცინაციისკენ, რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდონ ხალხს, ასეთ განცხადებებს აკეთებენ.

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანას დღის განმავლობაში კორონავირუსისგან 60-70 გარდაცვლილი ჰყავს, უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული.

ამასთან, ლომჯარია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება.

დატოვე კომენტარი