ირაკლი ქადაგიშვილი - არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ წინასაარჩევნო კამპანია პაექრობის გარეშე წარიმართება, ოპოზიცია უკიდურესად რადიკალური იქნება
ირაკლი ქადაგიშვილი - არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ წინასაარჩევნო კამპანია პაექრობის გარეშე წარიმართება, ოპოზიცია უკიდურესად რადიკალური იქნება

ოპოზიციას საკუთარი ცრურწმენები რა თქმა უნდა, არსად გაქცევია და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების გზაზე უარყოფითი და პესიმისტური მესიჯებით გამოდის. აქედან გამომდინარე, მათთვის არც ეს ცხრა ნაბიჯი არ წარმოადგენს არანაირ ხელშესახებ სამუშაოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ეს ის პრობლემაა, რაშიც, სამწუხაროდ, ოპოზიცია ღრმად არის ჩაფლული“.

„ისინი მოახერხებენ თუ არა, როდესმე აქედან გამოსვლას, რთული სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, ყოველთვის არის კარი ღია მათთვის მაინც, ვინც ამ ჭაობიდან თავის დაღწევას მოახერხებს. რადიკალური ოპოზიციის პესიმიზმისა და დესტრუქციის მიუხედავად, საქართველო ევროპისკენ სვლას მაინც გააგრძელებს და ამას შემხვედრი ნაბიჯებით გააგრძელებს თავად ევროკავშირიც. არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ წინასაარჩევნო კამპანია პაექრობის გარეშე წარიმართება. ოპოზიცია უკიდურესად რადიკალური იქნება და მას რამდენიმე ძველი ლოზუნგი ექნება განსაახლებელი – ერთ-ერთი იქნება, რომ „ქართული ოცნება“ „რუსული ოცნებაა“. ამის თავადაც აღარ სჯერათ, მაგრამ ადვილი არ არის, როცა წლების განმავლობაში ცრუ ლოზუნგებით მუშაობ, ამის შეცვლა. რა თქმა უნდა, წინასწარი ტორბედირება დაიწყება იმ მიზნით, რომ 2024 წლის არჩევნები წინასწარ გაყალბებულად გამოაცხადონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.