ირაკლი ქადაგიშვილი - სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში დემოკრატიული სახელმწიფოს მხრიდან მძევლად აყვანის პოლიტიკა, ბოლშევიკური მიდგომაა გამოყენებული
ირაკლი ქადაგიშვილი - სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში დემოკრატიული სახელმწიფოს მხრიდან მძევლად აყვანის პოლიტიკა, ბოლშევიკური მიდგომაა გამოყენებული

სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში დემოკრატიული სახელმწიფოს მხრიდან მძევლად აყვანის პოლიტიკა, ბოლშევიკური მიდგომაა გამოყენებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს სავიზო შეზღუდვასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაზე.

„რამდენჯერ გვქონდა საუბარი, რომ ვინმეს კანონზე საქმიანი, სამართლიანი და კონსტრუქციული მოსაზრება თუ გაქვთ, მზად ვართ, დავსხდეთ და ვისაუბროთო. ყველა მხრიდან ყრუ კედელს წავაწყდით. არავის სურს საუბარი საქართველოსთან, როგორც სუვერენულ სახელმწიფოსთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ან უნდა ვთქვათ, რომ ნეოკოლონიალური მმართველობის ამღიარებელი სახელმწიფო ვართ, ან ვთქვათ, რომ სუვერენული სახელმწიფო ვართ, რომელსაც გვაქვს უფლება, მივიღოთ ისეთი კანონი, რომელსაც ლამის ნახევარი მსოფლიო იღებს და ჩვენი კანონი ყველაზე ჰუმანურია. გამოყენებულია ბოლშევიკური, ნაცისტური მიდგომა, როდესაც ადამიანზე ზემოქმედება რომ მოგეხდინათ, მძევლად უნდა აგეყვანათ მისი ოჯახიც. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში დემოკრატიული სახელმწიფოს მხრიდან მძევლად აყვანის პოლიტიკაა. ფინანსების გაუმჭვირვალობის მთავარი ამოცანაა, ნებისმიერ მომენტში ვითარების დესტაბილიზაციის საშუალება ჰქონოდათ“, – განაცხადა  ირაკლი ქადაგიშვილმა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება, სადაც აღნიშნულია: „სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ“.