ირაკლი ქადაგიშვილი – ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ საუკეთესო გადაწყვეტილებაა მიღებული, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებითაც გამყარებულია

16:35, 06.07.2026

საქართველოს ხელისუფლება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების საკითხს წლების განმავლობაში ობიექტურად უდგებოდა, დღეს სახელმწიფო განვითარებისა და შესაძლებლობების იმ ეტაპზეა, რომ შეუძლია, ასეთი სტრატეგიული, მსხვილი პროექტი დამოუკიდებლად დაიწყოს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ საუკეთესო გადაწყვეტილებაა მიღებული, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებითაც გამყარებულია.

„რა თქმა უნდა, საქართველოსთვის დაკავშირებადობა და შუა დერეფანი გეოპოლიტიკური პოზიციაა. საქართველოს თავზე გადაფრენილი ევროჩინოვნიკები რომ არ იმჩნევენ, რა არის გეოგრაფია და გეოპოლიტიკა შუა დერეფნის თვალსაზრისით, ეს დროებითი მოვლენებია. ბუნებრივია, ანაკლიის პორტს თავისი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს ხელისუფლება ამ პორტის განვითარების საკითხს წლების განმავლობაში ობიექტურად უდგებოდა და ცდილობდა, შესაძლო ინვესტორთან დაკავშირებით ყოფილიყო კეთილგანწყობილი, ობიექტური. დღეს სახელმწიფო განვითარებისა და შესაძლებლობების იმ ეტაპზეა, რომ შეუძლია ასეთი სტრატეგიული და მსხვილი პროექტი დამოუკიდებლად დაიწყოს. ფაქტობრივად, წელიწადია, ეს პროექტი მიმდინარეობს, სამშენებლო სამუშაოები და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მიყვანა პორტამდე. ჩვენ ჩინეთს, შუა აზიის სახელმწიფოებს ვთავაზობთ, რომ ამ პროექტის თანამონაწილეებად იყვნენ მოწვეულნი, ოღონდ იმ პირობებში, როცა სახელმწიფო რჩება ძირითადი ინფრასტრუქტურის მფლობელად და ყველა დაინტერესებული მხარე თავისი წილობრივი დაინტერესებით შემოვა პროექტში. ვიცით, რომ ჩინეთსაც ჰქონდა ხედვა, კარგი იქნებოდა თუ არა დამატებითი აქტორების შემოყვანა. საქართველოს მთავრობის მიერ საუკეთესო გადაწყვეტილებაა მიღებული, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებითაც გამყარებულია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ნავსადგური ააშენოს „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ“.

მსგავსი