ირაკლი ქადაგიშვილი - ამნისტიის შესახებ ჩვენი კანონპროექტი არის სრულყოფილი და მთლიანად ითვალისწინებს როგორც კანონმდებლობას, ისე მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას
ირაკლი ქადაგიშვილი - ამნისტიის შესახებ ჩვენი კანონპროექტი არის სრულყოფილი და მთლიანად ითვალისწინებს როგორც კანონმდებლობას, ისე მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას

ამნისტიის შესახებ ჩვენი კანონპროექტი არის სრულყოფილი და მთლიანად ითვალისწინებს როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, პროექტში შენარჩუნებულია პირის უფლება, სურვილის შემთხვევაში უარი განაცხადოს ამნისტიაზე.

რაც შეეხება ოპოზიციას, ქადაგიშვილის განცხადებით, მათ ნაწილს „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე კომპლექსი ბოლომდე არ აქვს მოხსნილი.

„ჩვენი ვარიანტი არის სრულყოფილი და მთლიანად ითვალისწინებს როგორც საქართველოს კანონმდებლობით არსებულ ფუნდამენტურ დებულებებს, ასევე შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას. ჩვენი ცვლილებებით პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომელთაც ისეთი კონვენციური მუხლები დაარღვიეს, როგორიც არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება და ა.შ. ჩვენი ვერსიით, ამნისტირებულ პირებს არ ეკისრებათ ვალდებულება, რომ თანხმობა გასცენ ამნისტიის მიღებაზე. ამნისტია ავტომატურად ვრცელდება ყველაზე, შენარჩუნებულია პირის უფლება, რომელსაც შეიძლება, ამნისტიის მიღება არ სურდეს და უარი განაცხადოს. ჩვენს პროექტში მთელი სისავსით არის ასახული ყველა ის პირობა, რომელიც ხელშეკრულებაში იყო ჩადებული.

ოპოზიციამ ბოლომდე ვერ მოახერხა, რომ იმ პოლიტიკური მანკიერი წრიდან გამოსულიყვნენ, რომელშიც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ წაქეზებით იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა დოკუმენტს ხელი მოაწერა, აღსრულების პროცესში გარკვეული სირთულეები აქვთ და „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე კომპლექსი ბოლომდე არ აქვთ მოხსნილი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

დატოვე კომენტარი