ირაკლი ქადაგიშვილი - ამერიკის თუ ევროკავშირის შეფასებებით, საქართველო ვალდებულებებს სანიმუშოდ ასრულებს, ქართული ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, საქართველო რამეში დაადანაშაულოს
ირაკლი ქადაგიშვილი - ამერიკის თუ ევროკავშირის შეფასებებით, საქართველო ვალდებულებებს სანიმუშოდ ასრულებს, ქართული ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, საქართველო რამეში დაადანაშაულოს

ოპოზიციისთვის საქართველო ფასეულობას არ წარმოადგენს. მათი ფასეულობა მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნაა. არანაირი სახელმწიფო და ეროვნული ინტერესი არ ამოძრავებთ, რაც მრავალჯერ დაამტკიცეს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის თუ ევროკავშირის შეფასებებით, საქართველო სანქციებთან დაკავშირებით ვალდებულებებს სანიმუშოდ ასრულებს.

„სანქციების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლა შეიძლება ემსახურებოდეს იმას, რომ მან ინფორმაცია მიიღოს, როგორ მუშაობენ შესაბამისი სამსახურები და ეს გამოცდილება გასაზიარებელი იყოს სხვა ქვეყნებისთვის, ვინც მონიტორინგს ახორციელებს. ქართული ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, საქართველო რამეში დაადანაშაულოს და ამით ქვეყანა დააზიანოს. გეოგრაფიას თუ შეხედავენ, კარგი იქნება, რადგან ნახავენ, რომ ირანს სულ არ სჭირდება საქართველოზე გამოვლა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ირანთან არანაირი საზღვარი არ გვაქვს და რუსეთსა და ირანს პირდაპირი სასაზღვრო ურთიერთობები აქვთ. კასპიის ზღვას ერთი მხრიდან ირანი აკრავს, მეორე მხრიდან – რუსეთი. ოპოზიციისთვის საქართველო ფასეულობას არ წარმოადგენს, მათი ფასეულობა მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნაა. მათ არანაირი სახელმწიფო და ეროვნული ინტერესი არ ამოძრავებთ, რაც მრავალჯერ დაამტკიცეს. მათ შორის დაამტკიცეს იმითაც, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველომ რამენაირად კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. სწორედ ამ სცენარის შესრულებას ემსახურება მათი ბრალდებები. სააკაშვილის მიერ გადახდილი მილიონები ქვეყნის იმიჯის შელახვას ემსახურებოდა, როგორმე ქვეყანა სააკაშვილის მოწამვლაში დაედანაშაულებინათ. ამ ხალხს ისეთი აქვს ჩადენილი, მათი ნალაპარაკები არავის აღარ უკვირს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.