ირაკლი ქადაგიშვილი საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთნის კორონავირუსით ინფიცირებას ადასტურებს და აცხადებს, რომ წყაროს დადგენა მიმდინარეობს
ირაკლი ქადაგიშვილი საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთნის კორონავირუსით ინფიცირებას ადასტურებს და აცხადებს, რომ წყაროს დადგენა მიმდინარეობს

კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთნის ინფიცირებას ადასტურებს.

მისი თქმით, ექთანს, რომელიც ამავე დროს თბილისის ბოჭორიშვილის კლინიკაში მუშაობს, „პისიარ“ ტექსტირება გუშინ მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც მან ბოჭორიშვილის კლინიკაში მორიგეობა დაასრულა და საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ მივიდა.

ქადაგიშვილის განმარტებით, ინფიცირებული სწორედ ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული.

ამასთან, ქადაგიშვილი ამბობს, რომ ყველა კონტაქტი უკვე მოძიებულია.

„მთელი კახეთის მასშტაბით, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალის მიზანმიმართული და გაფართოებული კვლევები ტარდება. სწორედ ამ დროს აუღეს მას ანალიზი, რომელმაც კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. ჩვენ მაშინვე დავიწყეთ მუშაობა და ყველა კონტაქტია მოძიებული. ისინი ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფებიან, დაინფიცირებული ქალი კი ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული“, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.

რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, ქადაგიშვილის თქმით, ამ ეტაპზე გადაჭრით არაფრის თქმა არ შეიძლება, თუმცა ვარაუდობს, რომ ის ბოჭორიშვილის კლინიკას უკავშირდება.

„ჯერჯერობით გადაწყვეტით ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შეიძლება, წინა მაგალითიდან გამომდინარე, საგარეჯოს ექთანთან დაინფიცირების კვალს, სავარაუდოდ, ბოჭორიშვილის კლინიკისკენ მივყავართ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ექთანთან კავშირში მყოფი 60 მოქალაქის, მათ შორის დაინფიცირებულის ოჯახთან ახლო კონტაქტში მყოფი ცხრა ადამიანის ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გააგზავნეს, რომელთა პასუხებიც ხვალ დილით გახდება ცნობილი.