ირაკლი ქადაგიშვილი - ალექსეი არესტოვიჩის განცხადება პროვოკატორის განცხადებაა, ამ პროვოკატორს ვეტყვი, ასეთივე გულგრილი მიდგომა აქვს უკრაინაში ომისა და უკრაინელი ხალხის ტრაგედიისადმი
ირაკლი ქადაგიშვილი - ალექსეი არესტოვიჩის განცხადება პროვოკატორის განცხადებაა, ამ პროვოკატორს ვეტყვი, ასეთივე გულგრილი მიდგომა აქვს უკრაინაში ომისა და უკრაინელი ხალხის ტრაგედიისადმი

ალექსეი არესტოვიჩის განცხადება პროვოკატორის განცხადებაა და ამ პროვოკატორს ვეტყვი, რომ ასეთივე გულგრილი მიდგომა აქვს უკრაინაში მიმდინარე ომისა და უკრაინელი ხალხის ტრაგედიისადმი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველ ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა არ ერევა საქართველოს სუვერენულ პოლიტიკაში: „თქვენ ხართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყოველთვის იყავით უკრაინის მეგობარი, მაგრამ თქვენს პოლიტიკას და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე, ეს არის ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა“.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, როგორც ჩანს, არესტოვიჩს არც ქართველი და არც უკრაინელი ხალხის ბედი არ აწუხებს და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მიზნები აქვს.

„ქართველმა ხალხმა გადაწყვეტილება ბევრჯერ მიიღო, მათ შორის ბოლო არჩევნებზეც. მისი გადასაწყვეტი არ იქნება, მაგრამ ალბათ უკრაინელი ხალხი გადაწყვეტს არესტოვიჩის ბედს. ეს მისი მხრიდან არის კონკრეტული პოლიტიკური ხაზის გატარება. ეს არის რეალპოლიტიკა – დავინახეთ, რომ მათ სურთ სადმე მეორე ფრონტი გაიხსნას. მათ ამის საუკეთესო ვარიანტად საქართველო მიაჩნიათ. ეს იმიტომ, რომ საქართველოში არსებობს ღალატისა და ომის პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“, მთელი თავისი სატელიტური თანამგზავრებით, რომლებიც ეუბნებიან, რომ თუ თავად იქნებიან ხელისუფლებაში, ეს ყველაფერი შედგება. აქედან გამომდინარეობს ერთიან მესიჯბოქსში აწყობილი პოლიტიკური აგრესიული შემოტევა საქართველოზე. ჩვენ ეროვნული ინტერესები გვაქვს და არ შეიძლება ეს ინტერესები პოლიტიკურ ავანტიურისტებს შევწიროთ. ჩვენი ეროვნული ინტერესია მშვიდობის შენარჩუნება, განვითარება და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მყარად სიარულის გაგრძელება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.