ირაკლი ქადაგიშვილი - შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა არის გუნდური გადაწყვეტილება, რაც კენჭისყრაზეც აისახება
ირაკლი ქადაგიშვილი - შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა არის გუნდური გადაწყვეტილება, რაც კენჭისყრაზეც აისახება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს საპარლამენტო უფლებამოსილება შეუწყდებათ.

როგორც ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა განუცხადა, უმრავლესობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არის ერთობლივი, გუნდური და ეს კენჭისყრაზე აისახება.

„სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საპარლამენტო უფლებამოსულების შეწყვეტა არ არის პოლიტიკური დევნა, რადგან ამის მყარი სამართლებრივი საფუძვლები არსებობს. დამოკიდებულება – მინდა, დეპუტატი იყო, ნიშნავს, რომ უნდა აკმაყოფილებდეს ყველა სამართლებრივ პრინციპს, რაც დეპუტატუსთვის არის განსაზღვრული. დეპუტატობისთვის მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

პარლამენტი ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობის მიზეზია სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში კი, კონსტიტუციური ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს თუ არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.