ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ უფლებამოსილების შეწყვეტაზე „პატრიოტთა ალიანსის“ სამი დეპუტატის განცხადებას პარლამენტი ხვალ განიხილავს
ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ უფლებამოსილების შეწყვეტაზე „პატრიოტთა ალიანსის“ სამი დეპუტატის განცხადებას პარლამენტი ხვალ განიხილავს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრის განცხადება განიხილება.

მისივე თქმით, თუ პარლამენტი აღნიშნულ სამ დეპუტატს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა მათ ადგილმონაცვლე სხვა პირებს შეუძლიათ. ქადაგიშვილის განმარტებით, „პატრიოტთა ალიანსის“ სია ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ბოლომდე ჩახსნილი არ არის.

„ხვალინდელ კომიტეტზე განიხილება სამი დეპუტატის მიერ შემოტანილი განცხადება, რომლებიც არიან „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები. ჩვენ ვმოქმედებთ რეგლამენტით განსაზღვრული კანონის ფარგლებში. ამავდროულად, ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ დავტოვოთ მაქსიმალურად მეტი პოლიტიკური ველი მოლაპარაკებისთვის.

„პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებით სხვებისგან განსხვავებული შემთხვევა გვაქვს, ვინაიდან თუ პირობითად პარლამენტი ამ სამ დეპუტატს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, „პატრიოტთა ალიანსის“ სია ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან არ არის ბოლომდე ჩახსნილი, ამიტომ მათ ადგილმონაცვლე სხვა პირებს შეუძლიათ შემოვიდნენ პარლამენტში. თავისთავად პარტია თავის წარმომადგენლობას პარლამენტში არ კარგავს. ვიდრე რეგლამენტით ვადა ამოგვეწურება, კომიტეტი განიხილავს სხვა დეპუტატების საკითხსაც, რომლებსაც ანალოგიური განცხადებები აქვთ შემოტანილი, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად გვინდა შევინარაჩუნოთ ველი მოლპარაკებებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.