ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მიმართვის შემთხვევაში სადეპუტატო უფლებამოსილებას არ შეუწყვეტს
ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მიმართვის შემთხვევაში სადეპუტატო უფლებამოსილებას არ შეუწყვეტს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მიმართვის შემთხვევაში სადეპუტატო უფლებამოსილებას არ შეუწყვეტს.

როგორც ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა განუცხადა, ქვეყნისა და ქართველი ხალხის მეგობარი სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია აღარ დარჩა, რომელიც ოპოზიციას არ მოუწოდებს, რომ ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანი დააფასოს, პარლამენტში შევიდნენ და სწორედ იქ იმუშაონ საქართველოს მომავლისთვის.

„ისინი იქვე ამბობენ, რომ ხალხის მიერ ოპოზიციისთვის მიკუთვნილი ადგილები არის ცარიელი, რაც ოკუპანტის – რუსეთის ინტერესებშია. აქედან ნათლად ჩანს, ვისი პოლიტიკის ინტერესშია ქმედებები, რომელსაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ახორციელებენ. ერთია თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ინტერესი, მეორეა ოკუპანტი ქვეყნის ინტერესი. ექვსი თვეა ჯიუტად ასრულებენ იმას, რაც ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესში შედის – დესტაბილიზაციის გეგმას ნებსით თუ უნებლიეთ. ექვსი თვეა, ქართველი ამომრჩეველი და მთელი დასავლეთი მოთმინებით მოუწოდებენ მათ, გონს მოეგონ და მუშაობა გააგრძელონ საქართველოსთვის. ჩვენ ასეთივე მოთმინებით გავაგრძელებთ ამ პოლიტიკის განხორციელებას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.