ირაკლი ქადაგიშვილი - IRI-ს კვლევებს უტარებს ერთი და იგივე ორგანიზაცია, რომელიც ბევრჯერ არის მანიპულირებაში მხილებული
IRI-ს კვლევებს უტარებს ერთი და იგივე ორგანიზაცია, რომელიც ბევრჯერ არის მანიპულირებაში მხილებული, – განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი ქადაგიშვილმა თემის კომენტირებისას.
ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ძალიან არასანდო გახდა საქართველოში სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.
„ყოველ შემთხვევაში, ამომრჩეველმა იცის, რომ კვლევები და არჩევნების შედეგები რადიკალურად არ ემთხვევა ხოლმე ერთმანეთს. განსხვავება იმდენად თვალშისაცემია, რომ ვხვდებით, კვლევები გამოიყენება გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგის მოსამზადებლად. ამ შემთხვევაშიც, ვფიქრობთ, ამასთან გვაქვს საქმე, რომ მომავალი არჩევნებისთვის გარკვეული დღის წესრიგის წინასწარ მომზადება ხდება, ამისთვის საჭიროა, გარკვეული ციფრები დაიდოს, რაც შეიძლება რეალობასთან დაშორებული იყოს, მაგრამ საჭიროა სპეკულაციების გამოსაწვევად.
ამ კვლევებს საერთაშორისო ორგანიზაციები უკვეთავენ, მაგრამ მას ატარებს აქ ერთი და იგივე ორგანიზაცია, რომელიც ბევრჯერ არის ამ მანიპულირებაში მხილებული და კონკრეტული პოლიტიკური მიკერძოება ახასიათებს.
ჩვენ თუ ტენდენციებზე ვსაუბრობთ, ზოგადად, ტენდენცია რომ დაამახინჯო, ძალიან რთულია. აქაც ჩანს ტენდენცია, რომ „ოცნება“ უპირობოდ ლიდერია და მისი ლიდერიც, კახა კალაძე უპირობოდ ლიდერია. ამ კვლევის საფუძველზეც და ზოგადად ნათელია, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა წონით კატეგორიაში არიან მელია და კალაძე, როგორც კანდიდატები. ჩემი პროგნოზით, კალაძე მოიგებს პირველსავე ტურში. მოდით, ნუ ვლაპარაკობთ წართმევაზე, მივცეთ ამ გახარიას იმის საშუალება და უფლება მაინც, რომ იქნებ, თავისი ხმები მოიპოვოს. ყველაფრის, მთელი ქართული პოლიტიკის აწყობა, რომ ოღონდ „ქართულ ოცნებას“ რაღაც წაართვან, არის კონტრპროდუქტიული. ეს პოლიტიკა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში არის პოლიტიკოსების და მედიანარატივი, რომ ოღონდ რამე წავართვათ. წართმევას ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს. თუ რამე უკეთესი შეუძლია ოპოზიციას და მათ შორის, გახარიას, ამას დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს ყოველთვის უკეთესს სთავაზობს და ამიტომ არის გამარჯვებული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.