ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, მოსაგვარებელია „აგარის ქარხნის“ მუშების კომპენსაციების საკითხი
ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, მოსაგვარებელია „აგარის ქარხნის“ მუშების კომპენსაციების საკითხი

პროფკავშირის თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, „აგარის ქარხნის“ ამუშავების მზაობა დიდია როგორც სახელმწიფოს, ისე დამსაქმებლის მხრიდან.

მისი თქმით, პროფკავშირები ითხოვდნენ პასუხს კითხვაზე, გააგრძელებდა თუ არა საწარმო მუშაობას.

როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, მოსაგვარებელია „აგარის ქარხნის“ მუშებისთვის კომპენსაციების გადახდის საკითხი, ვინაიდან მისი თქმით, მუშების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

„ხალხნო , რეალურად გეუბნებით, ისინი დღეს შიმშილობენ და, ბუნებრივია, ორ თვეში თუ ხალხი ცოცხალი აღარ იქნება, ქარხანა რომ ამუშავდება, ვისთვის ამუშავდება. ეს არის კითხვის ნიშანი და კვირის დასაწყისში სხვა კითხვებთან ერთად, სხვა საკითხებთან ერთად, რომელიც ჩვენგან იყო დასმული, პრემიერის ოფისიდან და ბიზნესომბუდსმენისგან იქნება ინფორმირებული ჩვენი მხარე“, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

„აგარის შაქრის“ ქარხნის თანამშრომლებმა საწარმოს ამუშავების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას  მართავდნენ. 

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია „სოლიდარობა აგარას” მას შემდეგ დასრულდა, რაც აქციის მონაწილეებმა ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძისგან დაპირება მიიღეს, რომ ქარხანა დაახლოებით ორ თვეში შეძლებს მუშაობის განახლებას.