ირაკლი პეტრიაშვილი - საქართველოში საწარმოო შემთხვევების 99%-ის მიზეზი გაუფრთხილებლობა და სტანდარტების არარსებობაა
ირაკლი პეტრიაშვილი - საქართველოში საწარმოო შემთხვევების 99%-ის მიზეზი გაუფრთხილებლობა და სტანდარტების არარსებობაა

საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, საქართველოში მომხდარი საწარმოო შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა, თითქმის 99% გაუფრთხილებლობით და სტანდარტების არარსებობის გამო ხდება.

როგორც ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, ამ დრომდე უცნობია ტყიბულის მინდელის მაღაროში მომხდარი შემთხვევა ბუნებრივ კატაკლიზმებს უკავშირდება, თუ ესეც გაუფრთხილებლობის ბრალია.

მისივე თქმით, აპირებს ადგილზე ჩავიდეს და იმედოვნებს, რომ მაღაროს ხელმძღვანელობა პროფკავშირების წარმომადგენლებს შემთხვევის ადგილზე დაუშვებენ.

„ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც გვაქვს, ეს არის სამთო მასის ჩამოწოლა და მის შედეგად წარმოქმნილი ჰაერის მასა, რომელმაც ეს ადამიანები გადასტყორცნა. რეალურად რა და როგორ მოხდა, ამ კითხვებზე პასუხის მიღებას მხოლოდ ადგილზე დათვალიერებით შევძლებთ. ეს შესაძლოა, მართლაც ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგი იყოს, ასევე შესაძლებელია, გაუფრთხილებლობასთან გვქონდეს საქმე. იმ შემთხვევაში თუ ამოღებული მასას ადგილზე მყარი ნივთიერებებით არ ჩაანაცვლებდნენ, სამთო მასის ჩამოწოლა გარდაუვალი იქნებოდა. აუცილებელია, რომ ადგილზე დაგვიშვან, რომ გავიგოთ კატასტროფის რეალური მიზეზი. იყო შემთხვევები როდესაც პროფკავშირებს დაშვებაზე უარს გვეუბნებოდნენ, მაგალითად იგივე ტყიბულში მომხდარ შემთხვევაზე მაქვს საუბარი, როდესაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, მაშინ ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე არ დაუშვეს. იმედი მაქვს იგივე არ განმეორდება”, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.