როცა ოპერატორი კომპანია აცხადებს გასვლაზე, აბა, ნელსონ მანდელას ხომ არ ვუჩივლებდით სასამართლოში, ვუჩივლეთ იმას, ვინც გაკოტრებაზე შეიტანა განაცხადი. ვუჩივლეთ, რადგან კომპანიამ შეიტანა განაცხადი გაკოტრებაზე, – ამის შესახებ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მისი თქმით, ის, რომ კომპანია მეორე თვის ხელფასის 60%-საც იხდის, არის პროფკავშირების დამსახურება.
„მე მგონი, თქვენც და საზოგადოებასაც ბევრი კომპანია არ ეგულება, სადაც პროფკავშირებს კოლექტიური ხელშეკრულებით დარეგულირებული აქვს, რომ ადამიანებს სახლში ჯდომაში, ანუ არმუშაობაში ხელფასის 60%-ს ურეგულირებს, „კოვიდის“ პერიოდში, დაკეტილი საწარმოები და ა.შ. ეს არის პროფკავშირების დამსახურება, რომ ისინი ამ მეორე თვის ხელფასსაც იხდიან. ეს კოლექტიური ხელშეკრულებით არსებული ვალდებულებაა და ჩვენ სასამართლოში ეს პროცესი იმიტომ მოვიგეთ, რომ ჩვენ კრედიტორი ვიყავით, ეს ვალდებულებები ჰქონდა კომპანიას და თავი ვერ დააღწია ამ ვალდებულებებს. მეორე თვის ხელფასიც აქიდან არის უზრუნველყოფილი. პირველთან დაკავშირებით, პროცენტს ჩვენ უზრუნველვყოფთ და ადამიანებს მივეცით ხელფასი. ბევრი გეგულებათ, ან ვინმეს ეგულება ასეთი ორგანიზაცია? სესხი აიღო თვითონ პროფესიულმა კავშირმა, პროცენტსაც გეტყვით, 9%-იანი. ერთი თვის ავიღეთ. იანვრის, ვისაც არ ჰქონდა აღებული, ნაწილს ჰქონდა იანვრის აღებული და თებერვლის. მარტის ხელფასსაც ასე მიიღებენ, 60%-ს“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, იყო ორი ძირითადი პრობლემა, რომლის გადაჭრაც პროფკავშირებმა უზრუნველყო სამმხრივი კომისიის და მთავრობის პროცესში ჩართულობით.
„ეს იყო პროფკავშირებთან არსებული ვალდებულებების არგადახდა, ეს იყო ხელფასი, დაზღვევასთან დაკავშირებით პრობლემები და ა.შ., რაც უზრუნველვყავით სამმხრივი კომისიის ჩართულობით და რომ არა სამმხრივი კომისია და მთავრობის ჩართულობა ამ პროცესში, იურიდიულად ჩვენ მართალი ვიყავით, მაგრამ რამდენად და როდის დავიყენებდით ამ სამართალს, არ ვიცით. ეფექტურობა აქედან გამომდინარე იყო, რომ პროცესები დაჩქარდა; და მეორე, ყველაზე მთავარი, ჭიათურა უბრალოდ დაიქცეოდა. თუ კომპანია გავიდოდა და მაღაროელთა ეს ჯგუფი, რომელიც აქ ჩემამდე გყავდათ, ვის მიზანს ემსახურებოდა? კომპანია ამბობდა, რომ მას წასვლა უნდოდა, ეს ხალხი მოუწოდებდა, რომ კომპანია წასულიყო და პლუს, პროფკავშირი წასულიყო. ეს იაფფასიანი ტყუილები და ა.შ., მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ იმისკენ, რომ პროფკავშირებს იქ ოპერირება აღარ გაეგრძელებინა, ველი მოესუფთავებინათ, კომპანიაც წავიდოდა და ტყიბულში, ხომ გახსოვთ, ხალხი წყვილ-წყვილად რომ იღუპებოდა, კუსტარულად რომ ვიპოვებდით, ასე შემოვიდოდა ვიღაც, სახელიც ვიცით და გვარიც, კარგი ჟურნალისტური გამოძიება სჭირდება ამ ყველაფერს, შემოვიდოდნენ, ხალხს დაიქირავებდნენ, ოღონდ ამ ვალდებულებების გარეშე. რეალურად, აღარც კოლექტიური ექნებოდათ, აღარც სამედიცინო დაზღვევა, აღარც კვება, აღარც ხელფასების გარანტიები და ა.შ. ასე დღიურ მუშაობაზე დაიქირავებდნენ და გააგრძელებდნენ ასე ველურ მუშაობას. ამაში შევუშალეთ ჩვენ ხელი“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს უთხრა, რომ როგორც საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა თქვეს, ისინი მზად არიან, დამსაქმებელ კომპანიასთან გარკვეული წინადადებები განიხილონ, უბრალოდ, მათი მოთხოვნაა, მოლაპარაკების დროს ჩართული იყოს არა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია, არამედ უმაღლესი ხელისუფალი, პრემიერი ან მთავრობის მეთაურის აპარატი, რასაც ირაკლი პეტრიაშვილმა კითხვითვე უპასუხა: „რომელი წინადადებები, ნაციონალიზაციასთან დაკავშირებით? ეს ხომ მათი პირობაა?“
„სამართლის დაყენება უსამართლობით არ შეიძლება, უბრალოდ არ შეიძლება. როცა გერმანელ კომუნისტები, სადაც ოფიციალური ვერსია არსებობს, რომ მათ რუსეთის ჩინოვნიკებთან აქვთ ურთიერთობა და ა.შ., გირჩევნია, ის უფრო ახლობელია შენთვის, რომელიც ნაციონალიზაციასთან, გეგმიურ ეკონომიკასთან დაკავშირებით თავის აზრებს ავითარებს და იგივეს ამბობს ეს ჯგუფი, ბუნებრივია, მათი მოსმენა, სამუშაო ჯგუფში ჩართვა და ა.შ. იქნება შეუძლებელი. მათ რაციონალური წინადადებები თუ აქვთ, ჰო, მაგრამ სამმხრივ კომისიაში მთავრობამ როგორ უნდა ჩართოს? ეს კანონით არის პროფკავშირების კვოტა. დამსაქმებელს აქვს თავისი კვოტა, მთავრობას – თავისი და პროფკავშირებს – თავისი. ისინი სამმხრივ კომისიაში კანონის დონეზე არ არიან“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
ირაკლი პეტრიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მაღაროელები თბილისში რომ ჩამოვიდნენ, პროფკავშირებისთვის კი არ უნდა მოეწყოთ აქციები, არამედ კომპანიისთვის.
„კომპანიისთვის მოეწყოთ აქციები, რომლებმაც პირველივე დღიდან კოლექტიური ხელშეკრულებიდან გასვლა მოინდომეს და ეს ხალხი ამ ორი თვის ხელფასს ვეღარ აიღებდა; მეორე, კომპანიისთვის წაეყენებინათ ის პრეტენზიები, რაც პროფკავშირებს აქვს მათთან, რომ რას ჰქვია, „სიემსი“ გადის, უბრალოდ, ქუდი დაიხურა და გადის? მათ აქვთ აქტივები, სხვა აქტივებით დაერეგულირებინათ და ა.შ. ახლაც, ამდენი გაკეთებული საქმის შემდეგ, ბანკებთან დაკავშირებით პროცენტები ვისაც ჰქონდა, უმეტესობას მოვუგვარეთ, ნაწილი, ეს ჩვენ მიერ მიცემული ხელფასები რომ ბანკებს არ წაეღოთ, იქაც მაქსიმუმი გავაკეთეთ და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რატომ ეწინააღმდეგება და რატომ მიაჩნია მიუღებლად მაღაროელთა წინადადება მანგანუმის მომპოვებელი საწარმოების სახელმწიფო მართვაში გადაცემის მოთხოვნა, რასაც ისინი, უკვე 45 დღეზე მეტია, აჟღერებენ, ირაკლი პეტრიაშვილმა აღნიშნა:
„ახლა მოიტანეს ბრიტანეთის მაგალითი და ბრიტანეთი იმიტომ აპირებს ჩინური კომპანიისთვის ამის ჩამორთმევას, რომ შემდგომ პრივატიზაციაზე გაუშვას ისევ, უბრალოდ, მოიყვანოს უფრო რაციონალურად მოაზროვნე და ბრიტანეთის ინტერესებში მყოფი კომპანია, რომელსაც ასევე ჩააბარებს ამ ბიზნესს. თან, ლეიბორისტები არიან იქ. მე წინააღმდეგი კი არ ვარ, უბრალოდ, ადამიანებს რა მაგალითებიც მოჰყავთ, ეს არის ბოლივია, ვენესუელა და ა.შ. თქვენ ხომ კარგად იცით ბოლივიაში და ვენესუელაში ადამიანების ცხოვრების დონე როგორია და ჩვენ გვინდა, რომ თვითმფრინავებით ხელფასები ატარონ? ჭიათურაში აეროპორტიც არ არის, თვითმფრინავი რომ დაჯდეს. ეს ხდება ვენესუელაში ნაციონალიზაციის შედეგად და ჩვენ გვინდა ნამგალი და ურო, გერმანელი კომუნისტები რუს კომუნისტებთან ერთად რომ გვიქადაგებდნენ იდეებს? ორი უკიდურესობაა, ერთია ნამგალი და ურო, ერთი უბედურება და მეორეა კაპიტალიზმი მგლის სახით. ჩვენ თუ არ გვინდა კაპიტალიზმი მგლის სახით, ამის სჭირდება როგორც სამმხრივი კომისია, ისე მშრომელთა ორგანიზაციების გაძლიერება და ა.შ., რომ მათ ჰქონდეთ ადამიანის სახე“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
