ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდების საქმის განხილვა სასამართლოში მხარეების შესავალი სიტყვით გაგრძელდა
ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდების საქმის განხილვა სასამართლოში მხარეების შესავალი სიტყვით გაგრძელდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ მორიგ სასამართლო სხდომაზე 20-21 ივნისის მოვლენებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განხილვა გაიმართა.

ბრალდებული, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, წინა სხდომების მსგავსად, არც სასამართლოს დღევანდელ სხდომას დასწრებია.

როგორც ცნობილია, მისი პოზიციაა, რომ ის პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული და ვიდრე მის მიმართ საპატიმრო ღონისძიებაა გამოყენებული, ის სასამართლო განხილვებში მონაწილეობას არ მიიღებს.

დღევანდელ სხდომაზე ადვოკატმა და საქმის პროკურორებმა წარმოადგინეს შესავალი სიტყვა, სადაც ყურადღება გაამახვილეს მათ არგუმენტებზე. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ საქმეში ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ არსებობს მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის სამართალდამცველების და ასევე ვიდეო მტკიცებულებები. რაც შეეხება დაცვის მხარის პოლიციას, ოქრუაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ჩვენება რომელიც ბრალდებულის მხრიდან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას დაამტკიცებდა, საქმეში არ დევს.

საქმის არსებითი განხილვა 23 ოქტომბერს მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.