ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი - შეთანხმების მიხედვით დასტურდება, რომ „რუსთავი 2“-ის წილი შეძენილი იყო ირაკლი ოქრუაშვილის მიერ, ქიბარ ხალვაშის სახელით
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი - შეთანხმების მიხედვით დასტურდება, რომ „რუსთავი 2“-ის წილი შეძენილი იყო ირაკლი ოქრუაშვილის მიერ, ქიბარ ხალვაშის სახელით

შეთანხმების მიხედვით დასტურდება, რომ „რუსთავი 2“-ის წილი შეძენილი იყო ოქრუაშვილის მიერ ქიბარ ხალვაშის სახელით, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა გიორგი ზედელაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

​ადვოკატმა გიორგი ზედელაშვილის თქმით საუბარია ბერლინში, ირაკლი ოქრუაშვილისა და ქიბარ ხალვაშს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე.

„ამ შეთანხმების მიხედვით დასტურდება, რომ „რუსთავი 2“-ის წილი შეძენილი იყო ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ქიბარ ხალვაშის სახელით. ასევე ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ წილზე საკუთრების უფლება აქვს ირაკლი ოქრუაშვილს და არა მას. ამასთან იმას ადასტურებს, რომ არ ჰქონდა უფლებამოსილება ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით რაიმე მოქმედება განეხორციელებინა. თუ ასეთ პირობას დაარღვევდა, ის ვალდებული იყო ირაკლი ოქრუაშვილისთვის გადაეხადა 7 მილიონი დოლარი ჯარიმის სახით. ეს პირობა დარღვეულად ითვლება იმიტომ, რომ ირაკლი ოქრუაშვილთან ქიბარ ხალვაშის ქმედებები შეთანხმებული არ ყოფილა, რაც წილის საკუთრებასთან დაკავშირებით გადაიდგა სასამართლო დავებზე“, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის მტკიცებით, სამი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა დოკუმენტზე, რომელიც ამტკიცებს, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელი ირაკლი ოქრუაშვილია, ნამდვილია.

დოკუმენტი 2016 წელს გამოჩნდა. ამ დოკუმენტში ასევე საუბარია სასესხო ურთიერთობებზე, რომელიც არსებობდა ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის. სადაც საუბარი იყო, რომ ხალვაშს ოქრუაშვილის მიმართ გარკვეული დავალიანება ჰქონდა და ეს დავალიანება 2015 წლამდე უნდა გადაეხადა. არ იყო გადახდილი. შესაბამისად სასმართლოს მივმართეთ სარჩელით ამ თანხის დაკისრების მოთხოვნით. ამ დოკუმენტის დედანი, შეთანხმება რომელზეც ახლაა საუბარი ეს სასამართლოშია წარდგენილი.

ქიბარ ხალვაშის მოთხოვნით დოკუმენტი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, გრაფიკული ექსპერტიზის ჩასატარებლად. მათი მოთხოვნის მიუხედავად 2018 წლის ნოემბერში დღემდე ქიბარ ხალვაში არ მისულა ექსპერტიზაზე, რომ შესადარებელი ხელმოწერის ნიმუშები დატოვოს. ჩვენ სამი ექსპერტიზის დასკვნა გვაქვს, რომელიც ადასტურებს, რომ ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილია ამ დოკუმენტზე“, – განაცხადა ადვოკატმა.

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის მიერ, საჯარო რეესტრში „რუსთავი 2“-ის დარეგისტრირებულ წილებზე ყადაღის დადებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანა რეხვიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.