ირაკლი ოქრუაშვილი - უნდა მოვინდომოთ, რომ მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები სულ მცირე 20 ოლქში მაინც შევათანხმოთ 
ირაკლი ოქრუაშვილი - უნდა მოვინდომოთ, რომ მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები სულ მცირე 20 ოლქში მაინც შევათანხმოთ 

ყველამ უნდა მოვინდომოთ, რომ საერთო კანდიდატებზე, სულ მცირე 20 ოლქზე მაინც შევთანხმდეთ, ამის გარეშე წარმატების მიღწევა ძალიან გართულდება და საერთოდ არასწორია საკითხის ასე დაყენება, რომ მეორე ტურში ყველამ ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ, – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

„თუ ჩვენ გადავდებთ გვერდზე პარტიულ კალკულატორებს და ორი, სამი, ოთხი პროცენტის რაღაც ინდივიდუალურ მიმატება-გამოკლებას თავს დავანებებთ, მგონი, შეთანხმება შესაძლებელი იქნება სულ მცირე თბილისზე და მაქსიმუმ ოცი მანდატის ფარგლებში“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მეექვსე ეტაპის საკითხია და ჯერ ამაზე საუბარი უადგილოა.

„პირველ რიგში, რვა მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს, საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მივიღოთ და შეიცვალოს მაჟორიტარული ოლქების განაწილების პრინციპი, ამის მერე უნდა შევთანხმდეთ კანდიდატებზე და ერთად ვიბრძოლოთ გამარჯვებისათვის. რაც შეეხება საერთო პრემიერობის კანდიდატს, ეს შეიძლება იყოს სულ მცირე არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე და არა უბრალოდ სურვილების მიხედვით“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, გიორგი ვაშაძე საკმაოდ ენერგიული, საკმაოდ აქტიური ადამიანია, მაგრამ პრემიერ-მინისტრის კანდიდატის დასახელების ეტაპი ჯერ არ დამდგარა.

დატოვე კომენტარი