ირაკლი ოქრუაშვილი - თუ ჩემი ზღაპრები არ პრავდება, როგორ პრავდება გიგი უგულავა, რომელიც 50 მილიონის მოპარვაზე დაიჭირეს 
ირაკლი ოქრუაშვილი - თუ ჩემი ზღაპრები არ პრავდება, როგორ პრავდება გიგი უგულავა, რომელიც 50 მილიონის მოპარვაზე დაიჭირეს 

თუ ოქრუაშვილი არ პრავდება რაღაც სისულელეებით, 50 მილიონის მოპარვაზე რომ დაიჭირეს გიგი უგულავა, ის პრავდება?,- ამის შესახებ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა „რეაქციის“ ეთერში განაცხადა.

ოქრუაშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ფეისბუქპოსტს გამოეხმაურა, სადაც უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის ოქრუაშვილთან ვიზიტზე საუბრობს.

„ამ განცხადებას რომ ვუსმინე, ეჭვი გამიჩნდა, ეჭვიანობის ნიადაგზე ხომ არ არის გაკეთებულითქო. შეიძლება ადამიანმა ჩათვალა, პოლიტიკურ პარტნიორს ეძებს ოქრუაშვილთან სტუმრობით ვაშაძე და ამ დროს მე რა ვქნაო? კარგად რომ დავუფიქრდი, ეჭვიანობის საფუძველიც არ ჰქონდა ამ განცხადებას, ცოტა უფრო სხვა რამ იყო. ამ განცხადების უკან დგას ერთი მარტივი რამ, რომ ბიძინა ივანიშვილს ასიამოვნონ. ამ განცხადებით ვის მიაყენეს ჩრდილი, მე არაფერი დამკლებია, ისედაც აცრილი ვარ ასეთი ტალახის სროლაზე, ჩრდილი მიაყენეს გრიგოლ ვაშაძეს, იმითი, რომ საკუთარი წონა გაიზარდონ მასთან.

მათ შიდა სამზარეულოში ქექვას არ ვაპირებ, მათთან არანაირ პარტნიორობას ვაპირებ.​ ჩემი აზრები მექნება, შეიძლება მათ აზრებს დაემთხვეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარტნიორები ვართ“,- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, მის წინააღმდეგ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ზღაპრები შეთხზეს“, რის გამოც, მისივე თქმით, საპატიმროშიც მოუწია ყოფნა და სასამართლოში სიარულიც. ოქრუაშვილის თქმით, „თუ მისი ზღაპრები არ პრავდება, როგორ პრავდება გიგი უგულავა“, როდესაც მან, როგორც ოქრუაშვილი ამბობს, თბილისის ბიუჯეტიდან 50 მილიონი მოიპარა.

„რაც შეეხება სისულელეების ბლუყუნს, გიგი უგულავა გამორჩეულია ბლუყუნში. ზღაპრებით ჯერ საკუთარ თავს აჯერებდნენ, თითქოს რაღაც 20 კაცით მოვდიოდი „ზილით“ და ხელისუფლება უნდა დამემხო, უნიჭო ფოტოშოპით გაკეთებული სურათებით ხალხის დაჯერება უნდოდათ, თითქოს გაგანია ზაფხულში, აგვისტოში პალტოთი ვარ რუსეთის აეროპორტში. ამ ყველაფრით ვერ დააჯერეს ვერავინ, გარდა საკუთარი თავისა.

როდესაც ჩამოვედი და სასამართლოებში მიწევდა სიარული ამ სისულელეების გამო, ეს ბრალდებები ოფიციალური იყო, ამის გამო მომიწია საპატიმროში ყოფნაც და შემდეგ სასამართლოებში სიარულიც, პროკურორი სად დამალულიყო არ იცოდა. როდესაც ამოღებული იარაღის, როგორც ნივთმტკიცების დათვალიერებაზე წამიყვანეს, ჩადებული იარაღის კალიბრი არ ემთხვეოდა ჩადებული ტყვიების კალიბრს. ავტომატები იყო „აკაევი“ და ტყვიები იყო „აკაესის“. იმ დონეზე ზედაპირულად ჰქონდათ ეს ყველაფერი შეთითხნილი, იცოდნენ, რომ ამას ხვალ ვინ მოიკითხავს, მთავარია ფილმი ვაჩვენოთ ტელევიზორშიო.

აქ ჩაფლავდნენ ყველაზე მეტად. თუ ოქრუაშვილი არ პრავდება რაღაც სისულელეებით, უკაცრავად და, 50 მილიონის მოპარვაზე რომ დაიჭირეს, მტკიცებულებებით გამოტანილი განაჩენი რომ არის გამოტანილი სასამართლოსი, ის პრავდება?

თუ ჩემი ზღაპრები არ პრავდება, მისი როგორ პრავდება, 50 მოიპარა თბილისის ბიუჯეტიდან. არსებობს სასამართლოს დადასტურებეული განაჩენი. ეს მელაპარაკება მორალზე და ნამუსზე?“,- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

შეგახსენებთ, გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის ირაკლი ოქრუაშვილთან ვიზიტზე ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა. როგორც უგულავა წერს, „ირაკლი ოქრუაშვილი არ პრავდება“.