ირაკლი ოქრუაშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე გიორგი რურუას გათავისუფლება გარდაუვალია, ეს ყველას გაცნობიერებული აქვს
ირაკლი ოქრუაშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე გიორგი რურუას გათავისუფლება გარდაუვალია, ეს ყველას გაცნობიერებული აქვს

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე გიორგი რურუას გათავისუფლება გარდაუვალია, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციურ ერთობას ხელს ვერავინ შეუშლის.

„უპირველესად, გიორგი რურუასთან დაკავშირებით მესმის, რომ ეს არის ნერვების თამაში და ყველას გვინდა რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს ეს ყველაფერი, რაც შეიძლება მალე, მაგრამ ხელისუფლებასაც უნდა გავუგოთ. მათ წისქვილზე დავასხამ წყალს და ვიტყვი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე, გიორგი რურუას გათავისუფლება გარდაუვალია. ეს ყველას გაცნობიერებული აქვს. ამ ოფისში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ბევრი ურთიერთდაპირისპირებული ადამიანი შევიკრიბეთ. ეს ნიშანია, რომ ყველა პასუხისმგებლობით მოეკიდა მათ როლს ქვეყნის ცხოვრებაში. „ძალა ერთობაშიამ“ მოიტანა 8 მარტის შეთანხმება, ჩვენი გათავისუფლება და მოიტანს რურუას გათავისუფლებას, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებას, არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას და ხელისუფლების ცვლილებას. ეს ერთობა იქნება აქ და ამ ერთობას თუ ვინმე შეუშლის ხელს, ის ქვეყნის წინააღმდეგ მიდის“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ამასთან, ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, მას ამ ეტაპზე გეგმებზე საუბარი გაუჭირდება.

„გამიჭირდება ჩემს გეგმებზე კონკრეტული პასუხის გაცემა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ოპოზიციის ერთობა ახალ ფაზაში იქნას აყვანილი.

კიდევ ერთი მთავარი გზავნილი – ბიძინა ივანიშვილისთვის მინდა მხოლოდ კარგი. მას აქვს სამი არჩევანი – კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი. კარგი არის ხელისუფლების ცვლილების შედეგად ოპოზიციაში გადასვლა. ცუდი არის პოლიტიკისა და ქვეყნის დატოვება, და ძალიან ცუდი არის იქ გადასვლა, სადაც მე და გიგი ვიყავით“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.