ირაკლი ოქრუაშვილი - საეჭვოა, „ქართული ოცნების“ მხრიდან, რამდენად რეალური იქნება პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსში არსებული ყველა პოსტულატის შესრულება
ირაკლი ოქრუაშვილი - საეჭვოა, „ქართული ოცნების“ მხრიდან, რამდენად რეალური იქნება პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსში არსებული ყველა პოსტულატის შესრულება

საეჭვოა, რამდენად რეალური იქნება პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსში არსებული ყველა პოსტულატის შესრულება „ქართული ოცნების“ მხრიდან, – ასე ეხმაურება პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი ვიცე-სპიკერ მამუკა მდინარაძის განცხადებას პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის შექმნასთან დაკავშირებით.

როგორც ოქრუაშვილი აცხადებს, ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ გაცილებით მაღალი სტანდარტი უნდა მოსთხოვოს.

„ძალიან ვაფასებთ ყველა იმ უცხოური ორგანიზაციის და განსაკუთრებით „აირაის“ მონაწილეობას ისეთი დოკუმენტის შედგენაში, რომელიც აუცილებელია, მაგრამ ეჭვს გამოვთქვამ, რამდენად რეალური იქნება ამ დოკუმენტში არსებული ყველა პოსტულატის შესრულება „ქართული ოცნების“ მხრიდან. იმ სიტუაციაში, როდესაც შეუძლებელია საბურთალოზე დაიქირავო ბილბორდი, რადგან ყველგან სერგეენკოს სურათია. თუმცა, ყველამ უნდა მოვინდომოთ ოპოზიციის მხრიდან, რომ „ქართულ ოცნებას“ გაცილებით მაღალი სტანდარტი დავუწესოთ იმის მიხედვით, რაც წერია ამ დოკუმენტში“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.