ირაკლი ოქრუაშვილი - პროკურატურაში რა მოტივით შეიძლება იდავოს ქიბარ ხალვაშმა, ჩემთვის წარმოუდგენელია
ირაკლი ოქრუაშვილი - პროკურატურაში რა მოტივით შეიძლება იდავოს ქიბარ ხალვაშმა, ჩემთვის წარმოუდგენელია

პროკურატურაში რა მოტივით შეიძლება იდავოს ქიბარ ხალვაშმა, ჩემთვის წარმოუდგენელია, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მიერ პროკურატურაში შეტანილ მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

ხალვაშის ადვოკატები ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოძების დაწყებას ითხოვენ.

„სიმართლე გითხრათ, პროკურატურაში სარჩელი რატომ შეაქვთ, იურიდიულად ვერ ვხვდები ერთი მარტივი მიზეზის გამო. სასამართლოში მე უკვე სამი წელია ფინანსურ ნაწილზე ვდაობ, რომ მას ჩემი ვალი აქვს. მან ეჭვქვეშ დააყენა ამ ხელმოწერის ნამდვილობა და სასამართლომ იმის მიუხედავად, რომ სამი ექსპერტიზის დასკვნა წარვუდგინეთ, ეს ხელშეკრულება ექსპერტიზაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადააგზავნა.

უკვე რვა თვე ხალვაში ხელმოწერის ნიმუშების დატოვების მიზნით არ ცხადდება ექსპერტიზაში და პროკურატურაში რა მოტივით შეიძლება იდავოს, ჩემთვის წარმოუდგენელია“,- განაცხადა ოქრუაშვილმა.

როგორც ოქრუაშვილი ამბობს, ხელშეკრულებაზე ნამდვილად ქიბარ ხალვაშის ხელმოწერაა. ის მოუწოდებს ხალვაშს, მივიდეს  ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და ხელმოწერის ნიმუში დატოვოს.

„კეთილი ინებონ, მიბრძანდნენ, ხელმოწერის ნიმუშები დატოვონ. ექსპერტიზას მისცენ საშუალება, რომ დასკვნა გააკეთოს. ეს ნამდვილად მისი ხელმოწერაა, მაგრამ ჩემი სიტყვები, რომ არ დარჩეს მხოლოდ ჩემ სიტყვებად და ჰაერში ნასროლ სიტყვებად, ექსპერტიზას საშუალება მიეცეს, დასკვნა გააკეთოს. გამორიცხულია, რომ ხალვაშის ხელმოწერების ავთენტურობა არ დადგინდეს. ექსპერტს, რომელიც ამაზე ხელს მოაწერს, თავისი პოზიციის დასაბუთება მოუწევს იმ დანარჩენ სამ ექსპერტთან, რომლებიც ადასტურებენ, რომ ეს ნამდვილად მისი ხელმოწერაა. ეს ჩემი მოგონილი არ არის. მან მშვენივრად იცის, რომ ეს მისი ხელმოწერაა და ამის გამო არ მიდის უკვე ამდენი ხანი ექსპერტიზაზე. ექსპერტიზაზე მივიდეს, ხელმოწერის ნიმუშები დატოვოს, ექსპერტმა თქვას, რომ ყალბია და ამაზე მერე ვიდაოთ. ვიდრე ექსპერტიზა არ დაადგენს, დოკუმენტი ყალბია თუ არა, მათი განცხადება ბუნებრივია, სასაცილოა“,- განაცხადა ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში, 2010 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ხალვაში „რუსთავი 2“-ის მხოლოდ ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო და შეთანხმებაზე ხელმოწერა, ექპერტიზის სამი დასკვნითაა დადასტურებული.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ დოკუმენტები, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილი და მისი ინტერესების დამცველები საუბრობენ, გაყალბებულია.