ირაკლი ოქრუაშვილი - ოპოზიციის დაშინება და პროტესტის ჩაქრობა არის მიზანი, რომელიც არ გამოუვათ
ირაკლი ოქრუაშვილი - ოპოზიციის დაშინება და პროტესტის ჩაქრობა არის მიზანი, რომელიც არ გამოუვათ

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი იკითხება.

როგორც საქალაქო სასამართლოსთან ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ იცის, რა კითხვები ექნება გამოძიებას, თუმცა აღნიშნავს, რომ ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

„წარმოდგენა არ მაქვს რა კითხები ექნებათ, შესაბამისად პასუხებსაც ვერ გეტყვით. ამ საქმეზე პირველი თუ ვინმე არის დასაკითხი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ურცხვად მოიტყუა ბავშვიც რომ არ დაიჯერებს ისე, როდესაც თქვა, რომ 20 ივნისის ღამეს ეძინა და წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა რუსთაველზე. დიდი ხნის განმავლობაში, ცხოვრების ბოლომდე მას გაჰყვება 20 ივნისის ღამის ლაქა. სხვის ბოსტანში ქვის გადაგდებას ჰგავს ეს ყველაფერი. საკუთარ თავს მოსთხოვონ პასუხი იმაზე, რაც მოხდა. ოპოზიციის დაშინება და პროტესტის ჩაქრობა არის მიზანი, რომელიც არ გამოუვათ“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

ამასთან, როგორც პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა აღნიშნა, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315 მუხლებით და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე სასამართლოში მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე მოწმის დაიკითხება ირაკლი ოქრუაშვილი.

„რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მოწმეა ის, ამას თავად დაკითხვის პროცესი გვიჩვენებს. როგორც თქვენთვის ცნობილია, ირაკლი ოქრუაშვილი აღნიშნულ დღეს იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე, შესაბამისად, მიზანშეწონილია მისი მოწმის სახით დაკითხვა. რაც შეეხება იმას , თუ რა კითხვები იქნება დასმული, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე ვერ გიპასუხებთ“, – განაცხადა გობეჯიშვილმა.

20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე გამოიკითხნენ „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გრიგოლ ვაშაძე, გია ბარამიძე და ხატია დეკანოიძე, „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი ბაჩუკი ქარდავა და პარტია „კანონი და სამართალის“ გენერალური მდივანი ირაკლი ღლონტი.