ირაკლი ოქრუაშვილი - მარტო შევარდნაძის ერთი ძალოვანი მინისტრისგან 2003 წლის აპრილში 600 000 დოლარი მაქვს წამოღებული
ირაკლი ოქრუაშვილი - მარტო შევარდნაძის ერთი ძალოვანი მინისტრისგან 2003 წლის აპრილში 600 000 დოლარი მაქვს წამოღებული

შევარდნაძის მაღალჩინოსნებიდან დაწყებული რიგითი წვრილფეხობით, ჩინოვნიკებით დამთავრებული რიგები მედგა; მარტო შევარდნაძის ერთი ძალოვანი მინისტრისგან 2003 წლის აპრილში 600 000 დოლარი მაქვს წამოღებული, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა კითხვის საპასუხოდ, საიდან ჰქონდა მას მილიონები.

მისი თქმით, „სახელისუფლებო ბერკეტები ასეთი ფულის მოსაზიდად მას არ სჭირდებოდა“.

„სახელისუფლებო ბერკეტები ასეთი ფულის მოსაზიდად მე არ მჭირდებოდა. მე ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსების მომგროვებელი. მქონდა გარკვეული სახის ურთიერთობები, გვარებს არ ვიტყვი. იმიტომ ვახსენე ერთ-ერთი ძალოვანი მინისტრი, რომ დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს და არ მინდა, მისი გვარი ვთქვა. შევარდნაძის მინისტრები მაფინანსებდნენ, რომ შემდეგ მათ საფრთხე არ შექმნოდათ. დღესაც მშვენივრად არიან. ასე ხდებოდა და მომავალშიც ასე იქნება“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, კონკრეტულ გვარებს ვერ ასახელებს, რადგან ამბობს, რომ „ივანიშვილთან ძალიან რთულ ბრძოლაშია შესული და ძალიან ბევრი ადამიანის დარწმუნება უწევს, რომ ამ კამპანიაში ფული ჩადონ“.

„მე რომ თქვენ ახლა ერთი გვარი მაინც გითხრათ, აბსოლუტურად არავინ არ დამელაპარაკება“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.