ირაკლი ოქრუაშვილი - ლონდონში ან პარიზში რომ დამეწყო დავა, ამ საქმეში პოლიტიკური ჭრილის შეტანა თითქმის არ იქნებოდა შესაძლებელი
ირაკლი ოქრუაშვილი - ლონდონში ან პარიზში რომ დამეწყო დავა, ამ საქმეში პოლიტიკური ჭრილის შეტანა თითქმის არ იქნებოდა შესაძლებელი

ლონდონში ან პარიზში რომ შემეტანა სარჩელი ბერლინში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე და იქ დამეწყო დავა, ამ საქმისთვის პოლიტიკური ჭრილის შეტანა თითქმის არ იქნებოდა შესაძლებელი, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა კითხვაზე, რატომ პარიზის ან ლონდონის სასამართლოში არ დაიწყო დავა ბერლინში გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

ოქრუაშვილი ამბობს, რომ მისთვის ეს პოლიტიკური პროცესია და არა იურიდიული.

„ჩემთვის ეს არ არის იურიდიული პროცესი. ჩემთვის ეს არის პოლიტიკური პროცესი. ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ლონდონში ან პარიზში რომ შემეტანა ეს სარჩელი და იქ დამეწყო აღნიშნული დავა, პოლიტიკური პროცესის და პოლიტიკური ჭრილის შეტანა ამ საქმისთვის თითქმის არ იქნებოდა შესაძლებელი. ჩემთვის ეს ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი, რადგან ამ ყველაფრის უკან დგას ივანიშვილი, ამ ქვეყნის მმართველი და ვაპირებ, მისთვის ბურთის მის მოედანზე გადაგდებას სასამართლოში აქ შეტანის მეშვეობით, რომ კიდევ ერთხელ გაირკვეს, ამ ქვეყანას მომავალი აქვს თუ არა“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის შეფასებით, შესაძლოა, ლონდონში აღნიშნული დავა რვა წლის შემდეგ დაესრულებინა და შეიძლება, ეს არსებითი აღარ ყოფილიყო.

კითხვაზე, ანუ „რუსთავი 2“ პოლიტიკური იარაღია თუ არა მის ხელში, ოქრუაშვილი პასუხობს: „ივანიშვილისთვის პოლიტიკური იარაღია. ჩემთვის არ არის პოლიტიკური იარაღი“.

ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში 2010 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ხალვაში „რუსთავი 2“-ის მხოლოდ ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო და შეთანხმებაზე ხელმოწერა, ექპერტიზის სამი დასკვნითაა დადასტურებული. ქიბარ ხალვაშის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ დოკუმენტები, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილი და მისი ინტერესების დამცველები საუბრობენ, გაყალბებულია.

ამასთან, ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, ნინო ბარაჩაშვილმა​​ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურას მიმართა. ადვოკატმა უწყებაში შესაბამისი განცხადება დღეს შეიტანა, რომლითაც ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.