ირაკლი ოქრუაშვილი - ივანიშვილი „რუსთავი 2“-ს სრულყოფილად ვერ წაიღებს
ივანიშვილი „რუსთავი 2“-ს სრულყოფილად ვერ წაიღებს, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ცოტა ხნის წინ საფრანგეთიდან ჩამოფრინდა. მან ისაუბრა იმის თაობაზე, რომ არხის საკუთრებაზე პრეტენზიას აცხადებს და განაცხადა, რომ რამდენიმე ჟურნალისტს წილს გადასცემს, რათა მათ სამართლებრივად იბრძოლონ.
„თქვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ დილას განცხადება შევიდა ყადაღის მოთხოვნაზე, 10 დღე გვაქვს იმისთვის, რომ სარჩელი სრულყოფილი სახით შევიტანოთ სასამართლოში და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ერთი რამე, რომ ივანიშვილს სულ ტყუილად მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა არის ჩალით დახურული, ის „რუსთავი 2“-ის წამებით თავის მდგომარეობას ვერ გაიუმჯობესებს და მით უმეტეს, „რუსთავი 2“-ს სრულყოფილად ვერ წაიღებს.
ვაპირებ, ხვალ შევხვდე ათამდე ჟურნალისტს და ჩემი კანონიერი მოთხოვნის, რომელიც სასამართლოში წარვადგინე, 80 პროცენტი, პირობითად, ციფრებში გამოხატული, გადავცე მათ უსასყიდლოდ, რომ მათ გააგრძელონ დავა „რუსთავი 2“-ის კანონიერების დაბრუნებისთვის. ყველა ჟურნალისტს სათითაოდ ხვალ ჩამოგითვლით“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ოქრუაშვილი აცხადებს, რომ 2004 წელს ტელეკომპანიის 100%-იანი წილი სინამდვილეში მან შეიძინა და ქიბარ ხალვაშზე, როგორც მის წარმომადგენელზე გააფორმა, ამის დასადასტურებლად კი, ხელშეკრულება მოჰყავს, რომელიც მასსა და ხალვაშს შორის გაფორმდა.
„დოკუმენტის მიხედვით, მესამე წელია, საქალაქო სასამართლოში ვდაობ ფინანსურ ნაწილზე, მას ჩემი ვალი აქვს და არ აბრუნებს. ამ დოკუმენტის ეჭვის საკითხი უკვე დადგა სასამართლოში სამი წლის განმავლობაში დავის შედეგად. რვა თვეა, ხალვაში არ ცხადდება ექსპერტიზაზე ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად და არ ცხადდება ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს ხელმოწერა ეკუთვნის მას და ის ამას ვერ გაექცევა, რაც უნდა მოიგონოს. სამხარაულის ექსპერტიზაში გიმეორებთ სასამართლომ გააგზავნა რვა თვის წინ დოკუმენტი ხალვაშის გამოუცხადებლობის გამო ექსპერტიზა ვერ შედგა, ჩემგან რას ელოდებით. სამი ექსპერტიზის დასკვნა მაქვს მიტანილი დამატებით. მათ მოითხოვეს, ექსპერტიზაზე მივიტანე ორიგინალი, გააგზავნეს ორიგინალი სამხარაულის ბიუროში, არ მიდის ხალვაში რვა თვეა, დანარჩენი რა გინდათ“, – აცხადებს ოქრუაშვილი.
მისი თქმით, ამ დოკუმენტის მიხედვით, არსებობს ორი საკითხი – ერთი არის ფინანსური დავა, მეორე კი „რუსთავი 2“.
„მას აქვს ჩემი ვალი და უნდა დააბრუნოს და მეორე საკითხია „რუსთავი 2“. ფინანსურ დავაზე მე ხანდაზმულობის ვადა დამდგარი მქონდა, იძულებული ვიყავი, შემეტანა მაშინ – 2016 წელს. „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ამის უფლება არ მქონდა, სანამ ის არ გახდებოდა კანონიერი მესაკუთრე. კანონიერი მესაკუთრე ის გახდა გუშინწინ, ამის შედეგად დავიწყე მე დავა“, – განუცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს.
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის მიერ დარეგისტრირებული წილის დაყადაღების მოთხოვნაზე სარჩელი შეიტანა. ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ნახსენებ დოკუმენტს დოკუმენტს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ყალბს უწოდებს.