ირაკლი ოქრუაშვილი - დიდ ორგანიზაციებს დიდი მადა აქვთ, რაც ნიშნავს, რომ დათმობები შესაძლოა, ადვილი არ იყოს
ირაკლი ოქრუაშვილი - დიდ ორგანიზაციებს დიდი მადა აქვთ, რაც ნიშნავს, რომ დათმობები შესაძლოა, ადვილი არ იყოს

ძალიან მკაფიოდ ვამბობ, პრინციპი, რომ მეორე ტურში ვინც გადავა, მოდი, იმას ერთად დავუჭერთ მხარს, არაფრისმომცემია, ეს უკვე წაგებისთვის ბრძოლაა, – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

„შეთანხმების კონტურები არის გამოკვეთილი. ნაბიჯ-ნაბიჯ მივუყვებით. დრო ჯერ კიდევ საკმარისი გვაქვს. შესაძლოა, ვინმეს ეჩვენებოდეს, რომ პროცესი შეფერხებულია, მაგრამ ასე არ არის. ნელა მიდის, რადგან ადვილი საკითხები არ არის გადასაწყვეტი. პირველ რიგში, შევთანხმდებით თბილისზე, მერე დიდ ქალაქებზე. შეიძლება, მერე სულაც 30-ვე ოლქზე შევთანხმდეთ. დიდ ორგანიზაციებს დიდი ბიუროკრატია აქვთ, დიდი მადა აქვთ და ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებების მიღება შესაძლოა, რთულდებოდეს, შესაძლოა, დათმობები ადვილი არ იყოს. დიდი ორგანიზაციები რომლებია, ყველამ ვიცით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ერთობის მიზნიდან გამომდინარე, ეს დათმობები მოხდება დიდი ორგანიზაციების მხრიდანაც და პატარების მხრიდანაც“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისი თქმით, მეორე ტურში ერთმანეთის მხარდაჭერაზე საუბარი არაფრისმომცემია.

„წინასწარვე ძალიან მკაფიოდ ვამბობ ერთ რამეს – პრინციპი, რომ მეორე ტურში ვინც გადავა, მოდი, იმას ერთად დავუჭერთ მხარს, არაფრისმომცემია, ეს უკვე წაგებისთვის ბრძოლაა. მე საკუთარი გამოცდილება მქონდა, ირაკლი ალასანიამ დააყენა საკუთარი კანდიდატურა 2016 წელს გორში, ამით საკუთარ წაგებასაც შეუწყო ხელი და ჩემს წაგებასაც. მაგალითი სახეზე მაქვს პირადად მე და ამიტომ თუ პირველ ტურში ვერ ვთანხმდებით, მაშინ მეორე ტურზე ლაპარაკი, ერთმანეთისთვის თავის მოქონვაა და მეტი არაფერი. საკითხი დგას ასე – ან ვრჩებით ოპოზიციაში და დიდი ორგანიზაციების და პატარებიც ერთმანეთის ხარჯზე მივიღებთ ცოტა უფრო მეტ მანდატს, ერთით ან ორით მეტს, ან ვაღწევთ საერთო მიზანს და ხელისუფლებიდან ვუშვებთ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, – აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.

კითხვაზე, თუ დიდი ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ მათ წარმომადგენლებს მეტი რეიტინგი აქვთ და შესაბამისად, მეტი შანსიც, ვიდრე პატარა პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებს​, ირაკლი ოქრუაშვილმა აღნიშნა: „მაშინ ერთობა არ იქნება და ყველამ თავის გზაზე იაროს. ეს იქნება გამოსავალი, მაგრამ ეს იქნება არასერიოზული და არასწორი“.