ირაკლი ოქრუაშვილი - დავით დვალს მილიონ ორასი ათასი დოლარი გადავუხადე, თუ თვლის, რომ წილები წაართვეს, კეთილი ინებოს და თანხა დამიბრუნოს
ირაკლი ოქრუაშვილი - დავით დვალს მილიონ ორასი ათასი დოლარი გადავუხადე, თუ თვლის, რომ წილები წაართვეს, კეთილი ინებოს და თანხა დამიბრუნოს

დავით დვალს მილიონ ორასი ათასი დოლარი გადავუხადე, თუ თვლის, რომ წილები წაართვეს, კეთილი ინებოს და თანხა დამიბრუნოს, – ​​ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი დავით დვალის საქმე არ არის, მას საიდან ჰქონდა ფული.

„დვალი როდესაც გახდება გენერალური აუდიტორი ან გენერალური პროკურორი, მაშინ შეუძლია, კითხვები დასვას – მისი საქმე არ არის, მე საიდან მქონდა ფული. ვინ გითხრათ, რომ სახელმწიფო მოხელე ვიყავი მაგ პერიოდში. დოკუმენტში წერია, რომ ეს არის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გადახდილი თანხა, 2006 წლის ჩათვლით, 2010 წლის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში არ ვიყავი საქართველოს საგადასახადო რეზიდენტი. ასე რომ, ამ საკითხზე შემიძლია არ გიპასუხოთ. ვცხოვრობდი ქვეყნის გარეთ და იქ ვავსებდი დეკლარაციას.

დაკითხვაზე ნამყოფი ვარ პროკურატურაში და მიცემული მაქვს ჩვენება, რომ დავით დვალს გადავუხადე მილიონ ორასი ათასი დოლარი. თუ ის თვლის, რომ წილები წაართვეს, კეთილი ინებოს და თანხა დამიბრუნოს უკან, ის ერთი ჩვეულებრივი თაღლითი გამოდის მისი ლოგიკიდან გამომდინარე. თუ წაართვეს, მაშინ ფული რაში აიღო? ორი მილიონი დოლარი აქვს აღებული. პროკურატურისთვის ჩვენება მიცემული მაქვს და არაფერი დამატებითი დასაკითხი მანდ არ არის“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ვალზე, რომელიც, მისი თქმით, ქიბარ ხალვაშს მისთვის აქვს დასაბრუნებელი.

„პაატა სალია რას ამბობს და ვინ არის, საერთოს არ მაინტერესებს. საქალაქო სასამართლოში სამი წელია, დავა მიმდინარეობს ამ საქმეზე და როგორ არ მიიღო. ფინანსურ ნაწილზე მიმდინარეობს დავა, რვა თვის წინ დაინიშნა ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში. ორიგინალი წარვადგინე, რომ ხელმოწერის ექსპერტიზა მომხდარიყო, რვა თვის განმავლობაში ხალვაში არ ცხადდება, რომ დატოვოს ნიმუშები შესადარებლად, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ მან მშვენივრად იცის, ეს მისი ხელმოწერაა. ესაა ფინანსური დავა და ხანდაზმულობა დაუდგა 2016 წელს, „რუსთავი 2“-ის საკითხზე ხანდაზმულობა გუშინწინ დადგა და ამის გამო შევიტანე სარჩელი“, – აცხადებს ოქრუაშვილი.

ოქრუაშვილი გეგმავს, „რუსთავი 2“-ის წილის, რომელიც მისი თქმით, სინამდვილეში, მისი კუთვნილებაა, 80 პროცენტი, 10 ჟურნალისტს გადასცეს. ამ ჟურნალისტებთან შეხვედრის დეტალებზე ის ჯერ არ საუბრობს.

„შეხვედრას რაც შეეხება, იქნება გვიან. ძალიან მარტივი განცხადება გავაკეთე გუშინ იმისთვის, რომ საზოგადოებაში არ დარჩეს კითხვები, რა უნდა პირობითაც ოქრუაშვილს. მე ვაპირებ, ჩემი მოთხოვნის 80 პროცენტი დავუთმო 10-მდე მოტივირებულ, მებრძოლ ჟურნალისტს, ამაზე მექნება მათთან საუბარი. გვარებს წინასწარ ვერ გეტყვით“, – აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.

დატოვე კომენტარი