ირაკლი ოქრუაშვილი - არც ხელისუფლებას, არც ნებისმიერ მის მხარდამჭერს არ გააჩნიათ საფუძველი, ​გაგვაკრიტიკონ იმის გამო, რაც პარლამენტთან მოხდა
ირაკლი ოქრუაშვილი - არც ხელისუფლებას, არც ნებისმიერ მის მხარდამჭერს არ გააჩნიათ საფუძველი, ​გაგვაკრიტიკონ იმის გამო, რაც პარლამენტთან მოხდა

პოლიტიკური მოძრაობის „გამარჯვებული საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია იყო მშვიდობიანი და სამართლიანი მოთხოვნების ირგვლივ გაერთიანებული.

„არც ხელისუფლებას, არც ნებისმიერ მის მხარდამჭერს არ გააჩნიათ არანაირი საფუძველი, ​გაგვაკრიტიკონ იმის გამო, რაც მოხდა რუსთაველის გამზირზე. მათ თუ სურთ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს და თუ მიაჩნიათ, რომ პროპორციული არჩევნები ემსახურება ამ მიზანს, პოლიტიკური ლიდერების დაკავება კვლავ გააღრმავებს, გაამწვავებს პოლიტიკურ კრიზისს და უფრო მეტად დააჩქარებს ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას. გადაწყვეტილება მათზეა. დღევანდელი პროკურატურის ბრიფინგი იყო სხვა არაფერი, თუ არა წყლის ნაყვა და ყოველგვარი შედეგის არ მქონე“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ მას სამართალდამცველები დააკავებენ, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ მათ ხშირად ახასიათებთ არაადეკვატურობა, რას მოიმოქმედებენ, მათზეა დამოკიდებული.

„ბუნებრივია, მივალ გამოკითხვაზე. მე ვაცნობე გამომძიებელს, რომ მზად ვარ მოსამართლესთან გამოვცხადდე მას შემდეგ, რაც მაცნობებენ დროს, მზად ვარ, მივცე ჩვენება ყველაფერ იმაზე, რაც აინტერესებთ. ამის კანონიერი უფლება გამაჩნია, რომ ავირჩიე გამოკითხვის ამდაგვარი პროცედურა და მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ როდესაც მაცნობებენ დროს, გამოვცხადდები გამოკითხვაზე. ეს არის პოლიტიკური პროცესი, რათა დაშინებული იყოს პოლიტიკური სპექტრი და გარკვეული სახის ნიჰილიზმი გააღვივონ ჩვენს საზოგადოებაში, ყველაფერი გადააბრალონ ჩვენს პოლიტიკოსებს. სინამდვილეში ის, რაც მოხდა, იყო ივანიშვილისა და მისი მარჯვენა ხელის გახარიას არაკანონიერი ქმედებებისა და ბრძანებების შედეგი“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.