ირაკლი ოქრუაშვილი - 2003 წლის მთელი კამპანია, „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით, დაფინანსებული იყო ჩემს მიერ, მაშინაც მქონდა ამის ბერკეტი, ახლაც მაქვს და დიდი ალბათობით, მერეც მექნება
ირაკლი ოქრუაშვილი - 2003 წლის მთელი კამპანია, „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით, დაფინანსებული იყო ჩემს მიერ, მაშინაც მქონდა ამის ბერკეტი, ახლაც მაქვს და დიდი ალბათობით, მერეც მექნება

2003 წლის მთელი კამპანია, „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით დაფინანსებული იყო ჩემს მიერ, ანუ მაშინაც მქონდა ამის ბერკეტი, ახლაც მაქვს და დიდი ალბათობით, მერეც მექნება, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ოქრუაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორ იშოვა „რუსთავი 2“-ის საყიდლად თანხა.

მისი თქმით, 1 მილიონ 200 ათასი აშშ დოლარი ლევან იმნაიშვილის მეშვეობით გადაიხადა.

„არაერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, თუ წართმევას ჰქონდა ადგილი, რაში აიღო დავით დვალმა ნაღდი ფული 1 მილიონ 200 ათასი დოლარი და „ჯორჯიან ონლაინის“ 10 პროცენტიანი წილი, რომლის ღირებულება იყო დაახლოებით 800 ათასი აშშ დოლარი. თუ წართმევას ჰქონდა ადგილი, კეთილი უნდა ინებოს, უკან დააბრუნოს.

კიდევ გავიმეორებ, 1 მილიონ 200 ათასი დოლარი ლევან იმნაიშვილის მეშვეობით გადავუხადე დვალს და აქიმიძეს და პლიუს, უსასყიდლოდ გადავუფორმე „ჯორჯიან ონლაინი“, რომელიც მე მეკუთვნოდა“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

ამასთან, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი არ პასუხობს კითხვაზე, ვინ მისცა 1 მილიონ 200 ათასი აშშ დოლარი.

„ამ კითხვაზე შემიძლია, არ გიპასუხოთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ საქმეზე ყველა სახის იურიდიული ხანდაზმულობა გასულია და დამთავრებულია. მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ ეს თანხა იქნა მოზიდული ჩემს მიერ იმ ადამიანებისგან, რომლებიდანაც ნებართვა არ მაქვს, რომ მათი ვინაობა დავასახელო“, – აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ამბობს, რომ თანხების მოსაზიდად მაშინდელი თავისი თანამდებობა არ გამოუყენებია.

„მქონდა გარკვეული სახის კავშირები მაშინაც, მანამდეც და მას მერეც. მანამდეც მქონდა ამის საშუალება, ახლაც მაქვს, თანამდებობაზე ყოფნის დროსაც მქონდა და ა.შ თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, 1 მილიონ 200 ათასი რა პატარა თანხაა იმ შესაძლებლობებისთვის, რომელიც მე მქონდა დაახლოებით იმისთვის, რომ ამხელა ფული მეშოვნა. 2003 წელს კონსპირაციების და შეთქმულების თეორიებს რომ აწყობთ, თითქოს სოროსმა დააფინანსა „ვარდების რევოლუცია“ ან ბიძინა ივანიშვილმა, 2003 წლის მთელი კამპანია, „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით, დაფინანსებული იყო ჩემს მიერ, ანუ მაშინაც მქონდა ამის ბერკეტი და ახლაც მაქვს და მერეც მექნება დიდი ალბათობით“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.