ირაკლი ნადირაძემ მცხეთის იზოლატორი დატოვა
ირაკლი ნადირაძემ მცხეთის იზოლატორი დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. მას ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დახვდნენ.

როგორც ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, მისი დაკავება უკანონო იყო.

„პირველ რიგში მინდა, ივანიშვილის პირად პატიმრებს, რომლებიც ამ წუთებამდე რჩებიან ციხეებსა და იზოლატორებში, მალე განთავისუფლება და ოჯახებში მშვიდობით დაბრუნება ვუსურვო. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად უკანონოდ ვიყავით დაკავებული ბიძინა ივანიშვილი რეჟიმის მოსამართლის მიერ, დამიჯერეთ, ამ ოთხ კედელში პატიმრებს ბევრად მეტი თავისუფლება გვქონდა, ვიდრე საქართველოს პარლამენტში იმ მონა დეპუტატებს, რომლებმაც შეასრულეს ბიძინა ვანიშვილის მიერ დაკვეთა, შეასრულეს მისი სპექტაკლი და ჩააგდეს პროპორციული არჩევნები. ამიტომ, ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი. ჩვენ არ გავჩერდებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ეს ბრძოლა დასრულდება ხალხის გამარჯვებით“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ირაკლი ნადირაძეს სასამართლომ სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით 13-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.