ირაკლი ნადირაძე - „ქართული ოცნებისა“ და პროკურატურის უნამუსობას საზღვარი არ აქვს
ირაკლი ნადირაძე - „ქართული ოცნებისა“ და პროკურატურის უნამუსობას საზღვარი არ აქვს

ჩვენ პირდაპირ ეთერში ვნახეთ როგორ იძალადეს ჯგუფურად, წინასწარ განზრახვით ლევან ხაბეიშვილზე და ახლა აპირებენ, რომ ლევან ხაბეიშვილს ბრალი აქეთ წარუდგინონ ზარქუას ჩვენებით მასზე თავდასხმაზე, ეს არაადეკვატურობის პიკია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

როგორც ნადირაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ და მისი პროკურატურის უნამუსობას საზღვარი არ აქვს.

„იმის მოლოდინი, რომ დამნაშავე დაისჯება და ეს საქმე ბოლომდე მივა, არ გვაქვს. პირიქით, ვხედავთ, რომ ლევან ხაბეიშვილს აქეთ უპირებენ ბრალი წარუდგინონ. შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, პირდაპირ დახვრეტდნენ იმ დარბაზში. ფაქტია, რომ ამ მოძალადეებთან ერთად ხაბეიშვილისთვის ბრალის წარდგენა ეს პროკურატურის მხრიდან ცინიზმია და სხვა არაფერი. ადამიანზე ჯგუფურად იძალადეს და ახლა აპირებენ, ლევან ხაბეიშვილს ბრალი იქით წარუდგინონ. ეს იმ არაადეკვატურობის განცდაა, რომელსაც „ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილი აქვს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ახლა გვეუბნებიან, რომ ზარქუაა დაზარალებული და ხაბეიშვილი მოძალადე. ეს პირდაპირ მიზანმიმართული პროვოკაციაა პროკურატურისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე საკრებულოს წევრებს ბრალდება წარედგინათ, ხაბეიშვილი კი, ირაკლი ზარქუას მიმართ ძალადობის ფაქტზე საგამოძიებო ორგანოშია დაბარებული.