ირაკლი ნადირაძე - დღეს ოფიციალურად ვარეგისტრირებთ ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას, დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდება
ირაკლი ნადირაძე - დღეს ოფიციალურად ვარეგისტრირებთ ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას, დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, დღეს ოფიციალურად არეგისტრირებენ ლევან ხაბეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის კანდიდატად.

ირაკლი ნადირაძე დარწმუნებულია, რომ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდება.

„დღეს ოფიციალურად ვარეგისტრირებთ ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას. დარწმუნებული ვართ, მისი აქტიურობა, ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა და მებრძოლი ხასიათი წაადგება „ნაციონალურ მოძრაობას“. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. ოთხივე კანდიდატი ძალიან ღირსეულია, ღირსეული ადამიანია, მათ შორის, მივესალმებით ნონა მამულაშვილის კანდიდატურას, წარმატებებს ვუსურვებთ. პირადად მე მხარს ვუჭერ ლევან ხაბეიშვილს. დარწმუნებული ვარ, ეს ენერგიული, აქტიური, მებრძოლი ადამიანი გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. ვფიქრობ, განახლების, შეცვლის დრო არის ყოველთვის და დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ახალი ენერგია, ახალი ბრძოლისუნარიანობა, ახალი მუხტი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, 29 იანვარი იქნება თარიღი, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი ენერგიით გააგრძელებს ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ამ ქვეყნის, მიშას თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ამასთან, ირაკლი ნადირაძემ კომენტარი გააკეთა ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, სადაც ხაბეიშვილმა ნიკა მელიასა და ნუგზარ წიკლაურს მიმართა: „გამოდით ოთახებიდან, ოფისიდან გაუსვლელად საქმე არ კეთდება. პარტიის თავმჯდომარე ხაშურში ნამყოფი არ არის, ამაზე მეტი რა უნდა გითხრათ“.

ირაკლი ნადირაძის თქმით, ყველა კანდიდატს სჭირდება მეტი კომუნიკაცია ამომრჩეველთან და ხაბეიშვილის ამ მოწოდებას ეთანხმება.

„ვფიქრობ, ყველა კანდიდატს სჭირდება მეტი კომუნიკაცია ამომრჩეველთან, მეტი გასვლა ქალაქებში, სოფლებში. მეც ვეთანხმები ამ მოწოდებას, რომ ბევრი კომუნიკაცია გვჭირდება მოსახლეობასთან, რათა გადამწყვეტი ბრძოლისთვის ყველა ერთად ვიყოთ მობილიზებული“, – აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.