ირაკლი ნადირაძე - ლევან ხაბეიშვილის უკან დგას ძალიან ბევრი მხარდამჭერი, რომლებიც ბრძოლას ელოდებიან, ხაბეიშვილმა თავი დაგვამახსოვრა სწორედ აქტიურობითა და ბრძოლისუნარიანობით
ირაკლი ნადირაძე - ლევან ხაბეიშვილის უკან დგას ძალიან ბევრი მხარდამჭერი, რომლებიც ბრძოლას ელოდებიან, ხაბეიშვილმა თავი დაგვამახსოვრა სწორედ აქტიურობითა და ბრძოლისუნარიანობით

ყველა უნდა მოვეშვათ რაღაც შეთქმულებების თეორიებს და ქარის წისქვილებთან ბრძოლას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. ამასთან, მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილის უკან დგას ძალიან ბევრი მხარდამჭერი, რომლებიც, მისი თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, ბრძოლას ელოდებიან.

„ამ ადამიანმა მთელი ამ დროის განმავლობაში მის მხარდამჭერებს, „ენმ-ს“ და სააკაშვილის მხარდამჭერებს, თავი დაგვამახსოვრა სწორედ აქტიურობითა და ბრძოლისუნარიანობით“, – აღნიშნა ნადირაძემ.

კითხვაზე, მხარდამჭერებში მოიაზრებს თუ არა მერაბიშვილსა და კეზერაშვილს, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა:

„რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, ის არის ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, იყო და იქნება პარტიის მხარდამჭერი. ამაში, მგონი, გასაკვირი არაფერი უნდა იყოს. კეზერაშვილსაც და მერაბიშვილსაც საჯაროდ აქვთ გაჟღერებული, რომ არ ერევიან საჯარო პოლიტიკაში. ბოლოს სად მოისმინეთ მათი ახალი განცხადება, რომ რაიმე სახით აპირებენ რაღაც საჯარო პოლიტიკაში ჩართვას ან დაინტერესებული არიან?კიდევ ერთხელ ვამბობ, კობახიძის სიზმრებზე რთულია რაღაც კომენტარების გაკეთება. ვინმეს თუ უნდა გამოჩენა, ამის პრობლემა არ ექნებათ და გამოჩნდებიან. ხაბეიშვილის უკან დგას მისი ძალიან ბევრი მხარდამჭერი. ყველას მოვუწოდებდი, შეთქმულების თეორიების ნაცვლად, ვკონცეტრირდეთ საარჩევნო პროგრამაზე, სტრატეგიასა და გეგმაზე. პარტიაში თუ ვინმეს აქვს ვერსია, რომ ვინმე ვინმეს უკან დგას, მათ შორის მერაბიშვილი, კეზერაშვილი ან, არ ვიცი, ვინმე სხვა, ამასთან დაკავშირებით თუ რაიმე მტკიცებულებები აქვთ, ისაუბრონ ამაზე“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.