ირაკლი ნადირაძე - ბიუროკრატია მთელი ქვეყნის მასშტაბით არის გაზრდილი და ასეა თბილისის მერიაშიც
ირაკლი ნადირაძე - ბიუროკრატია მთელი ქვეყნის მასშტაბით არის გაზრდილი და ასეა თბილისის მერიაშიც

ბიუროკრატია გაზრდილია მთელი ქვეყნის მასშტაბით და ასეა თბილისის მერიაშიც, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, იმის ნაცვლად, რომ მათ ხელფასები, პენსიები და ზოგადად, მოსახლეობის შემოსავლები, ქვეყანაში დოვლათი და კეთილდღეობა გაეზარდათ, ზრდიან კრიმინალს, გადასახადებს, ფასებს, ბიუროკრატიას და საკუთარ ხელფასებს. თუ კალაძეს რეალური ოპტიმიზაცია სურდა, ჩვენ მას შეხვედრასა და კონკრეტულ ციფრებს ვთავაზობდით, რითაც დაახლოებით, 40 მილიონი ლარის დაზოგვა შეიძლებოდა. ეს, რა თქმა უნდა, არ გააკეთეს და მეტიც, კახი კალაძემ ჩვენი გეგმაც კი არ წაიკითხა“, – განაცხადა ნადირაძემ.

“მოამბის” ჟურნალისტის, ანა ბროლაძის შეკითხვაზე, რატომ იყო მისაღები მაღალი ხელფასები მაშინ, როცა მერიაში მაღალ თანამდებობებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იკავებდნენ და რატომ არის იგივე მიუღებელი დღეს, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ როცა დანამატმა და პრემიის გაცემამ რეგულარული ხასიათი მიიღო, ეს კარგი არც მაშინ იყო და არც ახლა არ არის. 

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც ახლა მაღალ თანამდებობებს იკავებენ, მაშინ ამაზე გვაკრიტიკებდნენ. ისინი მუდმივად 2013 წელზე აპელირებდნენ. მაშინ საკითხის დარეგულირება და ცვლილებების განხორციელება იმიტომ არ მოხდა, რომ ეს პერიოდი უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ დასასრული იყო“, – განაცხადა ნადირაძემ.

პირველი არხის ანალიტიკოსის, ლევან კალანდაძის შეკითხვაზე, შესთავაზა თუ არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მმართველ პოლიტიკურ ძალას ხელფასებისა და შრომის ანაზღაურების დარეგულირების ალტერნატიული მოდელი, ირაკლი ნადირაძემ აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, რეგულაცია საჭირო იყო, რათა მაღალი თანამდებობის პირებს განუსაზღვრელი ოდენობის ხელფასები, პრემიები და დანამატები არ მიეღოთ, მაგრამ მაშინ, როცა პენსიები ვერცერთი თეთრით ვერ გაიზარდა, მოსახლეობა ყოველდღიურად ღარიბდება, კომუნალური გადასახადები იზრდება და ყველაფერი ძვირდება, პრემია და დანამატი გააერთიანო და ხელფასები გააორმაგო, ეს პრობლემაა.