ირაკლი ნადირაძე - ახლა მთავარი გეგმაა, ხალხის დიდი რაოდენობა შეიკრიბოს, აქციაზე მოქალაქეებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ განვითარდება მოვლენები
ირაკლი ნადირაძე - ახლა მთავარი გეგმაა, ხალხის დიდი რაოდენობა შეიკრიბოს, აქციაზე მოქალაქეებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ განვითარდება მოვლენები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, აქციაზე დასასწრებად რეგიონებიდან ბევრი ადამიანი მოემგზავრება თბილისისკენ.

მისივე თქმით, მოქალაქეებს, რომლებიც აქციას უერთდებიან, სურთ, გათავისუფლდეს სააკაშვილი და ქვეყანაში დაიწყოს ცვლილებები.

„ხალხის მასის წარმოუდგენლად დიდი რაოდენობაა დაძრული და ცოტა ხანში მაყურებელიც ნახავს იმ უწყვეტ კოლონებს, რომლებიც თბილისისკენ მოემართებიან. ისეთი მობილიზება გვაქვს თბილისში, ბიძინა ივანიშვილს რომ არ დაესიზმრება, თუმცა სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ ივანიშვილს, ალბათ, აღარც ძილი აქვს და აღარც სიზმარი. მთავარი, რაც ჩვენი სათქმელი იქნება, იმ ზღვა ხალხის არის, რომ ჩვენ ცვლილებები გვინდა, თავისუფალი, სამართლიანი ქვეყანა, აღარ გვინდა ამ ჭაობში ჯდომა, გაჭირვება. გვინდა მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. აქცია ზუსტად 06:00 საათზე დაიწყება. გამომსვლელები იქნებიან როგორც პოლიტიკური, ასევე საჯარო პირები“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ სამოქმედო გეგმას, როგორც ნადირაძე ამბობს, ამის შესახებ აქციაზე განაცხადებენ.

„რა გეგმები გვექნება, ამას ჩვენს მხარდამჭერებთან, ხალხთან ერთად აქციაზე გავაჟღერებთ. ახლა მთავარი გეგმაა, რაც შეიძლება ხალხის დიდი მასა შეიკრიბოს და ჩანს, იმაზე მეტი ადამიანი მოვა, ვიდრე ამას ვინმე ელოდა. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, უფლება არ გვექნება, ხალხის გარეშე რამე გადავწყვიტოთ, ამიტომ აქციაზე ხალხთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ განვითარდება მოვლენები“, – აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.