ირაკლი ნადარეიშვილმა ITB China-ს ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ ITB China-ს ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართეს.
საქართველოს დელეგაცია შეხვდა კომპანია Trip.com-მარკეტინგის რეგიონულ დირექტორს, სუმერ ვონგს, ასევე კომპანია Messe Berlin-ის უფროს ვიცე-პრეზიდენტს, დევიდ რუეთს.
შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის ცნობადობის გაზრდის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ჩინეთისა და აზიის ბაზრებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების პოზიციონირების გაძლიერებაზე, ასევე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და მარკეტინგულ კამპანიებში თანამშრომლობაზე.
შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ტურისტული გამოფენის, ITB China-ს ფარგლებში, სადაც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.