ირაკლი ნადარეიშვილი - ზაზა ოქუაშვილის განცხადებები შესაძლოა, მისი აღქმაა
ირაკლი ნადარეიშვილი - ზაზა ოქუაშვილის განცხადებები შესაძლოა, მისი აღქმაა

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების  დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ დეპარტამენტმა ტელეკომპანია „იბერიის“ უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზე გამოძიება დაასრულა და საქმე სასამართლოშია წარმართული.

„ჩემი დეპარტამენტი იმ განცხადებებს სწავლობს, სადაც დანაშაული ნიშნები აღინიშნება. მათ შორის, „ომეგასა“ და ტელეკომპანია „იბერიის“ უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტიცაა. დეპარტამენტმა ტელეკომპანია „იბერიის“ უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზე გამოძიება დაასრულა. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნა იმჟამინდელი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და მისი პირველი მოადგილის გიორგი ლაცაბიძის მიმართ დაიწყო. საქმე სასამართლოშია წარმართული. ამ ეტაპზე, სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულებულია და საქმე დასკვნით, ფინალურ ეტაპზეა გადასული. გარკვეული პერიოდის შემდეგ ალბათ, სასამართლოს განაჩენიც იქნება.

დეპარტამენტმა ტელეკომპანია „იბერიის“ მიმართულებით დაასრულა და ეს დეპარტამენტის კონკრეტული შედეგია. მხილებული და პასუხისგებაშია მიცემული უმაღლესი თანამდებობის ორი პირი. ყველა ერთად გამამტყუნებელ განაჩენს ველოდებით. დეპარტამენტის საქმიანობა ამ ეტაპზე აღნიშნულით ამოიწურა. ხოლო დანარჩენი საქმის მიმართ, გამოყოფილ საქმეში, რომელიც დეპარტამენტშია დარჩენილი, გამოძიება მიმდინარეობს. შედეგების დასრულების, ასევე სასამართლო განაჩენის მიღების შემდეგ უკვე სხვა არგუმენტაცია და მტკ​იცებულებები იქნება, რათა გამოძიება უშუალოდ სხვა მიმართულებით გაგრძელდეს. დეპარტამენტის საქმიანობა სრულიად გამჭვირვალე იყო. ჩვენ ძალიან მჭიდრო და უშუალო კავშირი გვქონდა, როგორც ზაზა ოქუაშვილთან, ისე სხვა დაზარალებულებთან და დეპარტამენტის თითოეული განხორციელებული ქმედება ტელეკომპანია „იბერიას“ შესანიშნავად მოეხსენება“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა და აღნიშნა, რომ ამაზე მეტ შედეგს დეპარტამენტი ვერ დადებდა.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის განცხადებები სიცრუე, ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ეს მისი აღქმაა.

„ვერ ვიტყვი, რომ ეს სიცრუეა. შესაძლოა, ეს მისი აღქმაა. ვერ გეტყვით, ზაზა ოქუაშვილმა რა ინტერპრეტაციით ან რა ვარაუდის საფუძველზე შეიძლება ეს განაცხადოს. დეპარტამენტის მიერ 162 მოქალაქეზეა ქონება დაბრუნებული. 59 მსჯავრდებულის მიმართ წარმართულია შუამდგომლობა და არაერთი მაღალი და უმაღლესი თანამდებობის პირია მიცემული პასუხისგებაში. ამდენად, ვერ დავეთანხმები და კატეგორიულად უარვყოფ დეპარტამენტის მიერ რაიმე სახის ინფორმაციის მოძიებას სხვა მიზნით. დეპარტამენტმა ის განახორციელა, რაც მის კომპეტენციაში შედიოდა“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

დატოვე კომენტარი