ირაკლი ნადარეიშვილი - თბილისსა და ანკარას შორის პირდაპირი ავიარეისები ხელს შეუწყობს როგორც ბიზნესისა და ეკონომიკის, ისე ტურიზმის განვითარებას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ქვეყნის პირდაპირი დაკავშირებადობის განვითარების მიმართულებით.
მისივე თქმით, ამის მაგალითია თბილისი-ანკარა-თბილისის ფრენების დაწყება.
„თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია. შესაბამისად, თბილისსა და ანკარას შორის პირდაპირი რეისები ხელს შეუწყობს როგორც ბიზნესის და ეკონომიკის, ისე ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყნებს შორის“, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის მონაცემებით, საქართველოსა და თურქეთს შორის ავიამიმოსვლით მილიონ ორასი ათასზე მეტი მგზავრია გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 47% შეადგინა.
„რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას: 2025 წლის პირველი შვიდი თვის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის, ოცი ათასზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა. იანვარ-ივლისში შესრულებული სამგზავრო და სატვირთო ავიარეისების რაოდენობა 16%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობას. ამ ეტაპზე ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში ფრენები კვირაში დაახლოებით 745 სიხშირით სრულდება, ასევე 13%-ით არის გაზრდილი მგზავრთნაკადი“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სექტემბრის ბოლოდან თურქეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AJet-ი თბილისსა და ანკარას შორის რეგულარულ ფრენებს კვირაში ოთხი სიხშირით შეასრულებს.