ირაკლი ნადარეიშვილი – „იგლ ჰილსთან“ გაფორმებულ შეთანხმებაში სახელმწიფოს ინტერესები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული

11:18, 31.10.2025

„იგლ ჰილსთან“ გაფორმებულ შეთანხმებაში სახელმწიფოს ინტერესები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.

საინვესტიციო შეთანხმებაზე საუბრისას, რომლის თანახმად „იგლ ჰილს საქართველო“ თბილისსა და გონიოში 6,5 მილიარდზე მეტი ღირებულების ორ პროექტს განახორციელებს, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მასში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ორივე მხარის – როგორც სახელმწიფოს, ისე ინვესტორის ინტერესები.

„სახელმწიფოსა და კომპანია „იგლ ჰილსთან“ გაფორმებული შეთანხმების თანახმად, პროექტის მართვაზე ვალდებულია კომპანია. სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება როგორც სამეთვალყურეო საბჭოში, ასევე მმართველობით რგოლში, თუმცა უფრო პასიური ფორმით, რაც ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან მართვის და პროექტების განვითარების ცოდნა და ნოუ ჰაუ ამ შემთხვევაში აქვს ინვესტორს და არა სახელმწიფოს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა და მეც მინდა აღვნიშნო, რომ მივიღეთ შეთანხმება, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს სახელმწიფოს ინტერესებს, თუმცა ამავე დროს ინვესტორის საჭიროებებიც მაქსიმალურადაა უზრუნველყოფილი. შედეგად, ჩვენ, სახელმწიფოს ერთობლივ საწარმოში 33% გვაქვს, „იგლ ჰილსს“ კი აქვს პროექტის სრული დაფინანსების უპირობო ვალდებულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ასევე იმ ეკონომიკურ ეფექტზე ისაუბრა, რომელსაც „იგლ ჰილს“-ის უპრეცედენტო ინვესტიცია გამოიწვევს.

ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, რამდენჯერმე მეტი იქნება ის გვერდითი ეფექტი, რომელიც ექნება სამშენებლო, დეველოპერულ, ტურიზმის სექტორებს და ყველა იმ მომიჯნავე დარგებს, რომლებიც ჩართულნი იქნებიან პროექტის განვითარებაში. ამასთან, ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, პროექტი მნიშვნელოვნად აამაღლებს ქვეყნის ცნობადობას, რეპუტაციას და სანდოობას სხვა ახალი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.

როგორც ნადარეიშვილმა აღნიშნა, „იგლ ჰილსის“ საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი მესიჯია, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის.

„„იგლ ჰილსი“ არ არის უბრალოდ მსხვილი კომპანია და მოჰამედ ალაბარი არ არის უბრალოდ მსხვილი კომპანიის ინვესტორი ან დირექტორი. ის არის გლობალური ბიზნეს ლიდერი, რომლის სახელსაც უკავშირდება მსოფლიოში უნიკალური პროექტები. ბიზნესში ის არის ადამიანი, რომლის პირად გადაწყვეტილებებს უყურებს მსოფლიო საინვესტიციო ბიზნეს ელიტა და ჩვენ ვგრძნობთ უკვე ამ დამოკიდებულებას, მათ შორის, სხვადასხვა მიმდინარე პროექტებში. „იგლ ჰილსი“ არის გლობალური კომპანია, გლობალური ჯგუფი, რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს და მისი საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი მესიჯია, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ეს არის იმის ყველაზე კარგი ილუსტრაცია, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო გარემოა, ბიზნესის კეთების სიმარტივე. ასევე საუკეთესო დასტურია იმ რეიტინგების, რომელთაც რეპუტაბელური საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები წლების განმავლობაში აქვეყნებენ – საქართველო ლიდერობს, როგორც ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო და საგადასახადო გარემოს ქვეყანა, რეგულირების თვალსაზრისით, თავისუფალი ვაჭრობის საერთაშორისო ხელშეკრულებებით და ა.შ. ის პაკეტი, რითაც ჩვენი ქვეყანა პოზიციონირებს საერთაშორისო ინვესტორებთან, გამართლდა და დადასტურდა მსოფლიო დონის ინვესტორის პირადი გადაწყვეტილებით“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი