ირაკლი ნადარეიშვილი - ღონისძიებების ორგანიზატორ კომპანიებთან შევთანხმდით სამოქმედო გეგმაზე, რითიც შეიძლება სახელმწიფო დამატებით დაეხმაროს ამ ინდუსტრიას პანდემიის პირობებში
ირაკლი ნადარეიშვილი - ღონისძიებების ორგანიზატორ კომპანიებთან შევთანხმდით სამოქმედო გეგმაზე, რითიც შეიძლება სახელმწიფო დამატებით დაეხმაროს ამ ინდუსტრიას პანდემიის პირობებში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და სექტორში პანდემიიდან გამომდინარე ვითარება და არსებული პრობლემები განიხილა.

შეხვედრაზე, რომელსაც 20-მდე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბდება კონკრეტული სამუშაო პლატფორმა და სამოქმედო გეგმა, რითიც შეიძლება სახელმწიფო დამატებით დაეხმაროს ამ ინდუსტრიას კოვიდის პერიოდში.

ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ნინო კვეტენაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი.

„საქართველოს მთავრობა ახორციელებს თანმიმდევრულ ანტიკრიზისულ პოლიტიკას, რომლის ფარგლებშიც ბოლო პერიოდში განმავლობაში განხორციელდა და მიმდინარეობს არაერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გამიზნულია ბიზნესის სექტორის მხარდაჭერასა და დახმარებაზე. ამ ეტაპზე შეხვედრა შედგა ღონისძიებების ორგანიზატორ კომპანიებთან, რომლებიც ასევე წარმოადგენენ ერთ-ერთ მოწყვლად ჯგუფს იმ რეგულაციებიდან გამომდინარე, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს. ვისაუბრეთ იმ პრობლემატიკაზე, კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც ამ ინდუსტრიას განსაკუთრებით აწუხებს – ეს არის, როგორც ფინანსური, ასევე რეგულაციური საკითხები. შევთანხმდით გარკვეულ სამოქმედო გეგმაზე იმისათვის, რომ ეს პროცესი გადავიყვანოთ სამუშაო გარემოში და საბოლოო ჯამში შევჯერდეთ იმ ფორმაზე, იმ პროგრამის დიზაინზე, რითიც შეიძლება სახელმწიფო დამატებით ამ ინდუსტრიას, ამ ბიზნესს მხარში დაუდგეს კოვიდის პერიოდში“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

როგორც კომპანია „ლუმენის“ წარმომადგენელმა, თაკო კვარაცხელიამ აღნიშნა, სამინისტროში გამართული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან სამუშაო ფორმატში მოხდა ყველა იმ საკითხის განხილვა, რაც ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანიებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია.

„ჩვენი სურვილია პუნქტები რეგულაციით გაიწეროს ზუსტად, რომ სექტორი აქტიურად ჩაერთოს და მოერგოს იმ რეგულაციებს. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპისთვის და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ იმ საკითხებზე პასუხებს, რომლებიც დღეს შეხვედრაზე დაისვა“, – განაცხადა კვარაცხელიამ.