ირაკლი ნადარეიშვილი - დღეს არის ყველა წინაპირობა, რათა ვთქვათ, რომ ეკონომიკური კრიზისის პიკი გავლილია
ირაკლი ნადარეიშვილი - დღეს არის ყველა წინაპირობა, რათა ვთქვათ, რომ ეკონომიკური კრიზისის პიკი გავლილია

დღეს არის ყველა წინაპირობა, რათა ვთქვათ, რომ ეკონომიკური კრიზისის პიკი გავლილია, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„იანვრიდან მოყოლებული, ეტაპობრივად ხდება რეგულაციების გამარტივება და აბსოლუტურად ყველა დარგი დღეს ძალიან მინიმალური შეზღუდვებით ოპერირებს, რაც ძირითადად, ღამით გადაადგილებასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, დღეს არის ყველა წინაპირობა, რათა ვთქვათ, რომ ეკონომიკური კრიზისის პიკი გავლილია“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.

ამ განცხადებით ირაკლი ნადარეიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად აღმოჩნდა ქვეყანა მზად პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების სამართავად და შეგვიძლია თუ არა, ვთქვათ, რომ ყველაზე კრიზისული პერიოდი უკვე გავლილია.

მისი თქმით, ეკონომიკური კრიზისის მიმდინარეობისას მარტივი არ არის ზუსტი დიაგნოზის დასმა, გადალახულია თუ არა პიკური სიტუაცია, თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს მთელი რიგი მონაცემები.

„მაგალითად, მაკრო ეკონომიკური. ბოლო მონაცემებით, მარტის და განსაკუთრებით, აპრილის ეკონომიკური ზრდა 45%-ის ოდენობით დაფიქსირდა, რაც ნამდვილად უპრეცედენტოა და არის იმის აშკარა ნიშანი, რომ საქართველოში ეკონომიკური აღდგენა ძალიან სწრაფი ტემპით იწყება. მათ შორის, კარგი, პოზიტიური ნიშანია ის, რომ ეკონომიკური ზრდა ბიზნესის დარგების მიხედვით საკმაოდ დივერსიფიცირებულია“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კრიზისის პერიოდში სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გატარდა, რაზეც აღდგენის ტენდენციის დაფიქსირებაც მეტყველებს.

„ეს იყო საკმაოდ ოპერატიული და მიზნობრივი ჩარევა. ერთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ შევძელით და ავიცილეთ ყველა სისტემური რისკი. მათ შორის, იმ მიმართულებით, რომ მოვახდინეთ ლარის უზრუნველყოფა საბანკო სექტორში, გავამარტივეთ ფინანსური რეგულაციები, მოვახდინეთ ლიკვიდურობის მიწოდება მცირე და საშუალო ბიზნესში, ძირითადად, საკრედიტო ვალდებულებების მიმართებით და ასევე, განვახორციელეთ მთელი რიგი მიზნობრივი პროგრამები სხვადასხვა სექტორში. ძირითადად, ეს შეეხებოდა ტურიზმის სექტორს, რომელიც პანდემიის შედეგად ყველაზე ადრე და ყველაზე მეტად დაზარალდა“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა შეიცვლება საქართველოსთვის იმით, რომ ქვეყანა ოთხი წლის ვადით ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს, ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ ეს საერთაშორისო ასპარეზზე დიდი აღიარება და საქართველოს კიდევ ერთი გამარჯვებაა.

„საქართველოსთვის ეს იქნება კიდევ მეტი საშუალება, რომ მოვახდინოთ ქვეყნის მეტი პოზიციონირება-გაცნობა მსოფლიო საზოგადოებისთვის, როგორც ერთ-ერთი საინტერესო და წარმატებული ტურისტული ლოკაცია მსოფლიო მასშტაბით და შევძლოთ კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოზიდვა“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

დატოვე კომენტარი