ირაკლი ნადარეიშვილი – ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა ნიშნავს ქართული პროდუქციის უფრო კიდევ მეტ პოპულარიზაციას და გაზრდილ ექსპორტს

12:39, 06.11.2025

ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე წელს საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსი მიენიჭა, რაც ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას და ყურადღებას ქართული პროდუქციის მიმართ, რაც, საბოლოო ჯამში, გაზრდილ ექსპორტში აისახება, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შანხაიში მიმდინარე მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაში (China International Import Expo (CIIE)) საქართველო 2018 წლიდან რეგულარულად, უკვე მერვედ მონაწილეობს. წელს გამოფენაში, ტრადიციულად, 40-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი მრავალფეროვანი პროდუქციით.

საგამოფენო სივრცე, სადაც საქართველოს სამი პავილიონია განთავსებული, ჩინეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და სამთავრობო დელეგაციის წევრებმა, მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და მინისტრის მოადგილეებმა – ირაკლი ნადარეიშვილმა და გენადი არველაძემ დაათვალიერეს.

„გამოფენის სტუმრებს საქართველოს ეროვნულ პავილიონში ვთავაზობთ ინფორმაციას ქართული კულტურის, გასტრონომიისა და ფოლკლორის შესახებ, ასევე წარმოდგენილია სასმელის, საკვებისა და სამომხმარებლო პროდუქციის პავილიონები. ჩვენი რეალური მოლოდინია, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება საქართველოდან ექსპორტი საკვების, სასმელის, ასევე ტექსტილისა და სამომხმარებლო საქონლის მიმართულებებით“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით მონაწილეობს. სააგენტოს პარტნიორები არიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ღვინის ეროვნული სააგენტო.

მსგავსი